25 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად გვქონდა 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, ქვეყანამ და ხალხმა დაისვენა ომებისგან, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს და იმედებს კლავდა - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. ის დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და განვლილ წლებზე ისაუბრა. 

"მივესალმები პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს,
მივესალმები პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრებს,
მივესალმები პარტია "ქართული ოცნების" წევრებს და მხარდამჭერებს,
მივესალმები ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წარმომადგენლებს,
მივესალმები ქვეყნის შიგნით და გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

დღეს, "ქართული ოცნება", ჩვენი ახალი ცენტრალური ოფისიდან, ვერთვებით აქტიურ საარჩევნო მარათონში. "ქართული ოცნების" ყოველი გამარჯვება ქართველი ხალხის გვერდში დგომით, მათი უდიდესი ნდობით იქნა მიღწეული, და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს, ხალხთან ერთად, კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ.

საქართველოს ქარტეხილებით სავსე ისტორია არის ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირსებისთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ქვეყნის არსებობის მრავალათასწლოვან გზაზე ბევრჯერ დამდგარა ქართული სახელმწიფოებრიობის, უფრო მეტიც, ქართველი ერის არსებობა-არარსებობის საკითხი. ფაქტი ერთია, უდიდეს იმპერიათა კვალიც კი აღარსადაა, საქართველო კი დღესაც ამაყად დგას და სხვა ღირსეულ ერთა შორის, თავაწეული და ახალ-ახალი გამარჯვებებით ფრთაშესხმულია.

არავინ ქართველი კაცის დარად არ იცის ბრძოლის ფასი, ისევე როგორც არავინ იცის ჩვენნაირად მშვიდობის ფასი.

სწორედ მშვიდობიანობის დროს იწყებს ქართული გენი არნახულ გამობრწყინებას. სწორედ ასეთ დროს იქმნება ქართული სულიერებისა და კულტურის საგანძური, ასეთ დროს იწერება ვეფხისტყაოსანი, ჩნდებიან ოპიზრები და იქმნება ყინწვისის ანგელოზი.სწორედ ამიტომაც ისმის დღეს ქართული საგალობელი ვატიკანში და ქართული ჰიმნი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.

თავისით არაფერი მოდის. დღეს ჩვენ ვიმკით იმ კეთილი მარცვლის ნაყოფს, რომელიც 12 წლის წინ ჩვენ ერთად დავთესეთ. ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად გვქონდა 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი. ქვეყანამ და ხალხმა დაისვენა ომებისგან, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს და იმედებს კლავდა. და როგორც ჩვენს ისტორიაში ხდებოდა, მშვიდობასთან ერთად დადგა დრო ქართული გენის გამოვლენის და ქვეყნის აღმშენებლობის.

სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს არცერთი ევროპული ქვეყანა ეკონომიკურად და ინსტიტუციურად არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც საქართველო; სწორედ თორმეტწლიანი უწყვეტი მშვიდობის შედეგია ახალი თაობა, რომელსაც არ უნახავს ომი და არ განუცდია ნგრევის ტკივილი. პირიქით, მშვიდობითა და უნიკალური შესაძლებლობებით ფრთაშესხმულებმა მსოფლიო მასშტაბით ამაყად გაიტანეს საქართველოს სახელი.

სწორედ 12 წლის წინ დათესილმა მარცვალმა და გრძელვადიანმა ხედვამ გახადა შესაძლებელი, რომ ევროპაში ბევრი სკეპტიკოსის მიუხედავად მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმებას, ევროპიდან ბევრის წინააღმდეგობის მიუხედავად მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა, ბევრი ევროპელი ოპონენტის მცდელობის მიუხედავად გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ "ქართული ოცნება“, განსხვავებით დამოუკიდებლობის პერიოდის ყველა სხვა ხელისუფლებისგან, არასდროს ყოფილა სულსწრაფი, არ ეძიებდა იმწამიერ და მყიფე შედეგებს, არამედ ისახავდა გრძელვადიან და მდგრად მიზნებს. ჩვენივე ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნის ცხოვრებაც ადამიანის ცხოვრებასავით არის, სადაც მოჩქარეს ყოველთვის მოუგვიანდება.

მადლობა მინდა გადავუხადო "ქართული ოცნების" დიდ ოჯახს - თითოეულ პარლამენტარს, მთავრობის წევრს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს, პარტია ქართული ოცნების წევრების და მხარდამჭერების დიდ არმიას. მადლობა იმისთვის, რომ განვლილ რთულ ქარტეხილებში ყოველთვის ვინარჩუნებდით მთავარ ორიენტირს - საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანას. მადლობას ვუხდი ასევე ნამდვილ მეგობრებს შიგნით და გარეთ, მშვიდობის გზაზე საქართველოს გვერდში დგომისთვის. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ეს მეგობრობა და მომავალშიც ვიქნებით ერთგული ნამდვილი მეგობრებისადმი ჭირსა თუ ლხინში.

ყველა ქვეყანამ თავისი უნიკალური გზა გაიარა ევროკავშირისკენ, იმიტომ რომ ყველა თავისი უნიკალური ისტორიული გამოცდილებით, მომავლის ხედვით და ფუნქციით შედის ამ კავშირში. დღესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნები სხვადასხვა გამოცდილებას, გამოცდას, განსაცდელსაც კი გადიან.

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა რა არის მისი ევროპული გზა.

პირველი, ეს არის ევროპა. ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა. ამ მხრივ ჩვენი ევროპული გზა ნიშნავს ქართული, ანუ ევროპული კულტურის, ტრადიციების და ღირებულებების შენარჩუნებას და მათ განვითარებაში თანამონაწილეობას.

მეორე, ეს არის ევროკავშირი როგორც ევროპელ ხალხთა გაერთიანება. ჩვენ არ ვესწრაფვით მხოლოდ და ოღონდ წევრობას, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. შევიდეთ ჩვენი უნიკალური როლით, ჩვენი ეროვნული ფუნქციით, რომელიც სამწუხაროდ არაერთხელ დაგვიკარგავს. ჩვენ გვინდა გავამდიდროთ და გავაძლიეროთ ევროკავშირი კულტურულად და ეკონომიკურად, და არა უბრალოდ შევერიოთ მას.

ჩვენი თითოეული ნაბიჯის, ქვეყნის ევროპული გზის, კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის ძალისხმევის მთავარი შემფასებელი არის არა სხვა რომელიმე დედაქალაქი თუ უცხოელი პოლიტიკოსი, არამედ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ხედავენ და აფასებენ ჩვენი გუნდის ერთგულებას სამშობლოსა და თითოეული ადამიანისადმი.

ამიტომ არის, რომ ჩვენ ამ არჩევნებში კონკურენტი არ გვყავს, ვინაიდან ომი მშვიდობის კონკურენტი ვერ იქნება, ისევე როგორც უიმედობა - კეთილდღეობის, ნგრევა - აღმშენებლობის, უსამშობლობა - პატრიოტიზმის.

ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს არა უბრალოდ მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ანუ ჭეშმარიტი „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არამედ ეს უნდა იყოს ომის, ნგრევის და უსამშობლობის საბოლოო დამარცხების დღე.

გვჯერა გამარჯვების! თქვენით, თქვენთვის და თქვენთან ერთად! 

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ!" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები