რესპუბლიკური პარტიის მილუოკის ყრილობაზე მისვლა იყო დონალდ ტრამპის პირველი გამოჩენა საზოგადოების წინაშე, მის წინააღმდეგ პენსილვანიაში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ. პრეზიდენტობის კანდიდატი ფაისერ-ფორუმის დარბაზში შეხვეული ყურით, დელეგატებისა და სტუმრების ოვაციების ფონზე შევიდა.
პრეზიდენტობის კანდიდატის შემოსვლას ელოდებოდნენ მისი ოჯახის წევრებიც, თუმცა ყრილობაზე მელანია ტრამპი არ მისულა. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, პენსილვანიაში თავდასხმის მიუხედავად, კარგი პოლიტიკური დღეები აქვს. ის სასამართლო დავაში გამარჯვებას ზეიმობს, არჩევნებში მისი კონკურენტის შესაძლებლობებს კი თავად დემოკრატიული პარტია აყენებს ეჭვქვეშ. დელეგატებმა ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს.
საღამოს მეორე მთავარი გმირი 39 წლის რესპუბლიკელი სენატორი ჯეი-დი ვენსი იყო, რომელიც, ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ვენსი იელის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ამერიკის საზღვაო ძალების ვეტერანია. 2023 წლიდან სენატში ოჰაიოს შტატს წარმოადგენს. ჯე დი ვენსი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და ეწინააღმდეგება ბაიდენის პოლიტიკას, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარებაზე.
2016 წლის კამპანიის დროს, ჯეი დი ვენსი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი არ ყოფილა. მას ხმას არ აძლევდა და საჯაროდ მწვავედ აკრიტიკებდა. ამბობდა, რომ ტრამპი სახიფათო იყო. მისი მხარდაჭერის საფუძველი კი რასიზმი და ქსენოფობია. მოგვიანებით, ის ყოფილი პრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერი გახდა. ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ტრამპის კლონი უწოდა. "ენბისისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა საკუთარ ასაკზეც ილაპარაკა და თქვა, რომ მოხუცია, თუმცა მისი გონება კარგ მდგომარეობაშია.
დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის გვერდით იჯდა და მთელი საღამოს მანძილზე უსმენდა გამომსვლელებს, რომლებიც ექსპრეზიდენტის თეთრ სახლში დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
ყრილობაზე დღეს ტრამპის ყოფილ კონკურენტს, ნიკი ჰეილის ელოდებიან. მან კანდიდატურა მარტში მოხსნა, თუმცა იმ დროს ტრამპს ოფიციალურად მხარი არ დაუჭირა და მხოლოდ წარმატება უსურვა.