სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და სპორტსმენებს სიტყვით მიმართა.
"მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საფრანგეთის ელჩს საქართველოში, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას. დიდი სიყვარულით მინდა მივესალმო ჩვენს სპორტსმენებს.
აქ შეხვედრაზე არიან ჩვენი ვეტერანი სპორტსმენები. მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ თქვენ იმისთვის, რაც გაგიკეთებიათ ქართული სპორტისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ სპორტში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ცხადია, ეს შემთხვევითი არ არის. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან სწორი გადადგმული ნაბიჯები და სპორტის მიმართ დამოკიდებულება, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დღეს სპორტსმენები მხოლოდ სპორტზე ფიქრობდნენ. მე მახსოვს წლები, როდესაც სერიოზული პრობლემები იყო ამ მიმართულებით, არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იყო გაუსაძლისი მდგომარეობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში და სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე ფიქრი უწევდა. დღეს, განსხვავებული მდგომარეობაა და შედეგიც სახეზეა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, სჯერა, რომ რადგან საქართველოსთვის 26 სიმბოლური რიცხვია, ქართველი სპორტსმენები შეძლებენ, წარმატებით იასპარეზონ.
"26-ში სტარტს აიღებს პარიზის ოლიმპიური თამაშები. ეს რიცხვი სიმბოლურია ჩვენი ქვეყნისთვის. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს მოახერხა, პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ასევე, 26 ივნისს პორტუგალია დაამარცხა და ჯგუფიდანაც გავიდა, რასაც ბევრი ჩვენგანი არ ელოდა. დარწმუნებული ვარ, იმ სიხარულს, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს აჩუქეს, გააგრძელებთ თქვენი წარმატებებით ოლიმპიადაზე.
მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს და დარწმუნებული ვარ თქვენ შეძლებთ იმას, რომ კიდევ უფრო მეტი სიხარული მოუტანოთ ქართველ ხალხს, ქართველ გულშემატკივარს. ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი!“, - მიმართა კახა კალაძემ სპორტსმენებს.
პარიზში ოლიმპიური ცეცხლი 26 ივლისს აინთება. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უკვე მერვედ მონაწილეობს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 10 სახეობაში, პირად შეჯიბრებაში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს 28 სპორტსმენი, მათ შორის 7 ქალი. გარდა ამისა, ოლიმპიადის შერეულ გუნდურ ტურნირში იასპარეზებენ ძიუდოისტები. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში შედიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთი ჩემპიონი, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები.
1996 წლის ატლანტის ოლიმპიადიდან დღემდე, საქართველომ ოლიმპიურ თამაშებზე 10 ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლების რაოდენობით ყველაზე წარმატებული იყო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, როცა საქართველომ 8 მედალი ( 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო მოიპოვა).