"ფრანკლინის კლუბი" და მათი უცხოელი დამფინანსებლები ქართული ოპოზიციისგან ინვესტიციების საპასუხო ქმედებას ითხოვს - ასე აღიქვა მმართველმა გუნდმა ალექსანდრე ზიბზიბაძის განცხადება. ფრანკლინის კლუბის თანადამფუძნებელმა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, ღიად თქვა, რომ ხელისუფლების ოპონენტებმა მათი მხარდაჭერა ყველა კუთხით მიიღეს და ახლა ჯერი მათ ქმედებებზეა.
სახელისუფლებო პარტიაში ზიბზიბაძის სატელევიზიო ეთერს მორიგ აღიარებას უწოდებენ. "ოცნებაში" ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონი ძალაში ამოქმედებამდე შევიდა, რადგან მესამე სექტორი რეალურ პოლიტიკურ მიზნებს აღარ მალავს.
რა მოლოდინი აქვს ოპოზიციისგან და როგორ შეუწყო ხელი "ფრანკლინის კლუბმა" ქვეყანაში ხელისუფლების საწინააღმდეგო მოძრაობის გაძლიერებას - ამ კითხვებზე პასუხი დღეს ალექსანდრე ზიბზიბაძემ არ ისურვა, თუმცა მისი პოზიცია, მეტწილად, ოპოზიციაში გაიზიარეს. არც ფრანკლინის კლუბსა და ილია ჭავჭავაძის მიერ დამფუძნებელი "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" შორის პარალელებს მორიდებიან. თქვეს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ ფსონს ოქტომბერში გაამართლებს.
დღეს ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებებიც გაისმა. "გირჩი" და გახარიას გუნდის წევრები "ფრანკლინის კლუბთან" თავს ანგარიშვალდებულად არ თვლიან. შესაბამისად, არც ზიბზიბაძის განცხადებებს ანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ზღვარი მესამე სექტორსა და ოპოზიციას შორის რომ დიდი ხანია წაშლილია, ამაზე საპარლამენტო უმრავლესობაში საუბრობენ. კანონმდებლების თქმით, "ფრანკლინის კლუბისა" და მათი მოკავშირეების რეალური მიზანი პროცესების ესკალაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაა, რასაც განხორციელების პერსპექტივა არ აქვს.
საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი. ოპოზიციის ნაწილმა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, თუმცა მესამე სექტორი მათგან უფრო მეტ ინიციატივასა და აქტიურობას ითხოვს.