25 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
"მოგვენატრებიან", "საქართველომ უნდა იამაყოს", "ზღაპრული ბრძოლა და უშიშარი ნაკრები" - როგორ გაიცნო ქართველი "ჯვაროსნები" მსოფლიომ

საქართველო ისევ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია - უკვე მე-17 დღეა, მთელი ევროპა ერთი პატარა ქვეყნის დიდი ფეხბურთელების წარმატების შესახებ საუბრობს. ფეხბურთელების, რომლებმაც ყველა ქართველი გულშემატკივრის ოცნება რეალობად აქციეს და ევრო 2024-ზე ყველა გააოცეს. გააოცეს თავგანწირვით, ტექნიკით, შემართებითა და წინსვლით. "ჯვაროსნებმა" მთელს მსოფლიოს აჩვენეს, რომ ძალა მართლაც ერთობაშია, ისტორიაში პირველად, სამშობლო ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს და მერვედფინალში სენსაციური შედეგით გადავიდნენ.

ქართველმა ფეხბურთელებმა მსოფლიო მედიაგამოცემების პირველი გვერდები ისევე დაიპყრეს, როგორც ფეხბურთის გულშემატკივართა გულები. BBC წერს, რომ საქართველომ მთავარ ევროპულ ტურნირზე დებიუტით უნდა იამაყოს, "გარდიანი"კი ნაკრების ფეხბურთელებს გმირებს უწოდებს. "ფოქს სოკერის" შეფასებით, საქართველომ ევრო 2024-ზე შოუ დადგა და მას მოუთმენლად ელოდებიან მომავალშიც.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშს, გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ლიდერი ბასტიან შვაინშტაიგერიც გამოეხმაურა და გუნდს და მის მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა.

EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაშს ის კლუბებიც აფასებენ, სადაც ქართველი სპორტსმენები თამაშობენ. გიორგი ჩაკვეტაძის თამაშებზე სოციალურ ქსელში ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა "უოტფორდმა" დაწერა.

ესპანური საფეხბურთო კლუბი "ლევანტე" კი EURO -2024-ზე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი ქოჩორაშვილის ჩატარებულ თამაშებზე წერს.

ესპანურმა "ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილის განსაკუთრებულ თამაშზე გაამახვილა ყურადღება.

ქართველ მეკარეს, ჩატარებულ 4 შეხვედრაში 30 მოგერიება ჰქონდა. მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკური გვერდის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა, EURO 2024-ზე კი, ის საუკეთესო მეკარეებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ქართველ ფეხბურთელებზე მსოფლიოს საუკეთესო კლუბები მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლებიან. ახლა, წამყვანი გუნდების მწვრთნელები, "ჯვაროსნებს" თავიანთ გუნდებში ეპატიჟებიან.

"ჯვაროსნებს" თანამემამულეები სამშობლოში, ფეხბურთის მოყვარულები კი მსოფლიო ჩემპიონატზე ელოდებიან. მანამდე კი პატარა ქვეყნის დიდი ისტორიის დამწერი ბიჭები, სენსაციური თამაშების შემდეგ გასახდელში საქართველოს უმღერიან და პირობას დებენ, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდ მწვერვალებზე აიყვანენ.

დღის ამბები