25 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
რეკორდულად მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ხანძრები - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები ცეცხლის ალშია გახვეული

უკვე მეორე კვირაა ბერძენი მეხანძრეები ცეცხლის ათობით კერის ჩაქრობას ვერ ახერხებენ. საბერძნეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ასობით მეხანძრე-მაშველი და ათობით სპეცტექნიკაა მობილიზებული. ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია ავიაციაც. ხანძარი, დაახლოებით, 15 კილომეტრ ტერიტორიაზე გავრცელდა, რასაც ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი. განადგურდა სახლები, დაიწვა ავტომობილები. საფრთხის გამო, ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში ევაკუაციის ბრძანება გასცა. დედაქალაქში ტემპერატურა 44 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

რეკორდულმა სიცხემ და ხანძრებმა, დისკომფორტი შეუქმნა ტურისტებსაც. ექსტრემალურმა სიცხემ ხელისუფლება აიძულა სპეციალური ზომები მიეღო - შეზღუდულია არქეოლოგიურ ადგილებში შესვლა პიკის საათებში, გადაუდებელი სამსახურები კი აქტიურადაა მობილიზებული ტურისტულ სივრცეებში, სადაც ხალხს წყალს ურიგებენ. ხელისუფლება მოსახლეობას ექსტრემალურ ამინდში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ძლიერმა სიცხემ და ხანძრებმა, პრობლემები შექმნა ერთიასად მეზობელ თურქეთშიც. იზმირის პროვინციაში, ხანძრის 16 კერაა. ცეცხლის გამო იზმირისა და ალაჩათის დამაკავშირებელი გზატკეცილი დროებით დაიკეტა. სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრე, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ხანძარმა ასობით ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა იზმირის, სელჩუკის, მენდერესის, და ასევე სუსურლუკურის, ბალიქესირის რაიონებში. სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ტყის ხანძრები, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ხშირია, მაგრამ ბოლო წლებში, უფრო ინტენსიური და დამანგრეველი გახდა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ცხელი და ქარიანი ამინდები, კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 ავტორი: მარიამ იობიძე

დღის ამბები