25 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ულტრამემარჯვენეების ტრიუმფი საფრანგეთში - საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, მაკრონის პარტიამ მხოლოდ 20%-იანი მხარდაჭერა მიიღო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ძალები გამარჯვებასთან ასე ახლოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილან. დემოკრატიამ გაიმარჯვა - ასე მიმართა ეროვნული გაერთიანების ლიდერმა მარინ ლეპენმა მოსახლეობას მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 34% მოიპოვა. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 60%-ს გადააჭარბა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ემანუელ მაკრონის პარტიის - "რენესანსისთვის" საღამო დრამატული გამოდგა. მათ ამომრჩეველთა მხოლოდ 20%-ის ნდობა მოიპოვეს და მესამე ადგილზე გავიდნენ. მალევე გავრცელდა მაკრონის მოწოდება, რომ მემარცხენეები და ცენტრისტები მის პოლიტიკურ ძალასთან ერთად ლეპენის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, გაბრიელ ატალი აცხადებს, რომ ულტრამემარჯვენე "ეროვნულმა გაერთიანებამ" საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არცერთი ხმა არ უნდა მიიღოს.

მარინ ლეპენს ამბიცია აქვს, მომდევნო არჩევნებზე პრეზიდენტი გახდეს. მის პოლიტიკურ პარტიას ანტი მიგრაციისა და ევროსკეპტიციზმის პლატფორმად მიიჩნევენ, რომელსაც კრემლთან კავშირები აქვს. "ეროვნული ერთობის" გამარჯვების შემთხვევაში, ლეპენის პარტიის ერთ-ერთ ლიდერი, 28 წლის ჯორდან ბარდელა პრემიერ-მინისტრი გახდება. მან ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ მაკრონს კოჰაბიტაციური მთავრობის შექმნისკენ მოუწოდა.

577 წევრიან პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად 289 მანდატია საჭირო. მოიპოვებს თუ არა დომინანტობას საფრანგეთის პარლამენტში ლე პენის პარტია, უცნობია, თუმცა ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ პირველივე ტურში ფრანგების დიდი ნაწილი აღაშფოთა. ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა, ცეცხლი წაუკიდა ბარიკადებს და პოლიციელებს მძიმე ნივთები დაუშინა. საპასუხოდ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

არჩევნების მეორე ტური კვირას გაიმართება. სწორედ მაშინ გადაწყდება საფრანგეთის მომავალი. ქვეყანა მწვავე პოლიტიკურ კრიზისს განიცდის და, ამავდროულად, ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.

დღის ამბები