EURO 2024-ის ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდმა, დებიუტანტმა ეროვნულმა ნაკრებმა, წაგების მიუხედავად, საქართველო მთელ მსოფლიოს ახლიდან გააცნო. ემოცია, დასამახსოვრებელი წუთი, სიხარულის ცრემლები და სიამაყის გრძნობა, რომელიც არასდროს დაავიწყდება არცერთ ქართველს.
ესპანელების ინტენსიური შეტევები, დარტყმები კარის მიმართულებით 90 წუთი არ შეწყვეტილა, თუმცა მიუხედავად ამისა, ვარსკვლავებით გადაჭედილ გუნდს "ჯვაროსნებმა" მატჩის მე-18 წუთზე შეცდომა დააშვებინეს და ავტოგოლი გაატანინეს.
ესპანეთთან მატჩის დროს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ გაიზარდა საქართველოს ნაკრები და რა პოტენციალი აქვს მომავალში.
საქართველოსთან შეხვედრა პორტუგალიისთვის გაკვეთილი აღმოჩნდა, ესპანელებმა კი თამამად ხმა მხოლოდ გამარჯვების შემდეგ ამოიღეს.
"ძალიან ბედნიერები ვართ მეოთხედფინალში გასვლით, ძალიან აღელვებული" - ამას ესპანელები ქართველებთან თამაშის შემდეგ ამბობდნენ, რაც იმას ნიშნავს რომ დებიუტანტთან გამარჯვებისთვის მათ ძალიან დიდი ენერგია დახარჯეს და პირველ ტაიმში გაშვებული გოლით პირველი შოკიც მიიღეს.
წაგება, რომელიც გამარჯვების ტოლფასია - ეს მხოლოდ ქართველმა "ჯვაროსნებმა" შეძლეს.
უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მყარად იდგა და მეტოქის თითოეულ იერიშს ანეიტრალებდა. რომ არა წესების დარღვევით გატანილი გოლი, შესაძლოა, სულ სხვა შედეგი დამდგარიყო. მსაჯი, ამჯერად, "სანახავად აღარ მივიდა" და მის ასისტენტებს ენდო. როდრის გოლი პასიური თამაშგარედან ჩაითვალა.
მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა. ესპანეთი ძალიან გააქტიურდა. ნიკო უილიამსის და ლამინ იამალის შეტევების მოგერიება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევარში სამი გოლი გაუშვა და ჯამში, 4-1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიული ევრო პირველობა მერვედფინალში დატოვა. ესპანეთის ნაკრებმა ტურნირზე პირველი გოლი რიგით მეოთხე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებისგან გაუშვა.
ისტორია დაწერილია. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი გადალახა, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, პორტუგალიის ნაკრებს - ლეგენდარულ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად აჯობა და პლეიოფში თამაშის უფლებაც მიიღო. ეს იყო ის შედეგი, რომელსაც თითოეული გულშემატკივარი მხოლოდ ოცნებებში თუ წარმოიდგენდა.
საქართველოს ნაკრები მალე სახლში დაბრუნდება. გულშემატკივრების არმია, რომელიც ბოლო 2 კვირა ნაკრებს გერმანიაში ფეხდაფეხ დაჰყვებოდა და თითოეულ მატჩში ბოლომდე გვერდში ედგა, ახლა საქართველოში დახვდება. საქართველოს ნაკრები სამშობლოში თავაწეული, ამაყი და ბედნიერი ბრუნდება. ქართველი ფეხბურთელები და ჩატარებული მატჩი ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც შეაფასა.
გასული ორი კვირა მართლაც საოცარი გამოვიდა. საქართველოს გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა. ქართველი ფეხბურთელების ეფექტური დებიუტი სტატისტიკაშიც აისახა, სადაც ტურნირის ბომბარდირი 3 გოლით გიორგი მიქაუტაძეა, ყველაზე მეტი მოგერიება გიორგი მამარდაშვილს აქვს, ყველაზე მეტი მოტყუებული მეტოქე კი - ხვიჩა კვარაცხელიას მონაპოვარია. საქართველოს ნაკრებმა გოლი ოთხივე მატჩში გაიტანა და ამით, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი