მასწავლებლებისთვის ახალი სახელფასო პოლიტიკა დღეიდან ამოქმედდა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი ივლისიდან უკვე ძალაში შევიდა ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ეხება მასწავლებლებისთვის ხელფასების უპრეცედენტო ზრდას.
"ჩვენ გვყავს 52 ათასი საჯარო სკოლის სტატუსიანი მასწავლებელი, ვისაც საგნებში კომპეტენცია დადასტურებული აქვს. ამ პედაგოგების 70 პროცენტს, დაახლოებით 40 ათას მასწავლებელს ხელფასი ეზრდება, სულ მცირე, 500 ლარით და ზევით. ზრდა ასევე შეადგენს 600, 700 და 800-ლარიან მატებებსაც. 25 პროცენტს ხელფასი ეზრდება დაახლოებით 300 დან 400 ლარამდე, ხოლო 5 პროცენტს ხელფასები ეზრდება, სულ მცირე, 200 ლარით.
ჩვენი პედაგოგების მრავალწლიან მოთხოვნას, ასევე, იმ გამოცდილების გაანალიზებას და იმ სიღრმისეულ კვლევებს ეფუძნება ის გადაწყვეტილება, რომ მათთვის მოგვეშორებინა ყველა ბიუროკრატიული საკითხი, იქნებოდა ეს ზოგადი უნარების გამოცდა, პორტფოლიოების დადასტურება და ა.შ. ჩვენ თითოეულ პედაგოგს ვუცხადებთ ნდობას და შრომაზე დაფუძნებული სამართლიანი გადანაწილების პრინციპით ვაძლევთ შრომის ანაზღაურებას, რა თქმა უნდა, იმ დანამატების დამატებით, რომელიც არსებობდა. ეს არის სტაჟის, განათლების, სტატუსის დანამატი, რომელიც უცვლელად რჩება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა