25 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ რეზოლუციაში წერია, რომ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიის ჩამორჩენა და უკუსვლაა, ჯერ იქნებ საკუთარ დემოკრატიას მიხედონ და მერე გვითხრან ჩვენ - რა არის კარგი - ეკა სეფაშვილი

პარტია "ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი დასავლელი პარტნიორების ორმაგ სტანდარტს ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტებს მოკლებული იყო და გაუგებარი იყო, რა უნდა გაეთვალისწინებინა სახელმწიფოს. დეპუტატის თქმით, ლგბტ კანონთან მიმართებით კი აქვთ სამართლებრივი არგუმენტები, თუმცა ითხოვენ ქვეყანამ დააკანონოს ის, რასაც მოსახლეობის უმეტესობა ეწინააღმდეგება - ერთსქესიანთა ქორწინება.

სეფაშვილი აღნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორები აქტიურად ცდილობენ ჩაერიონ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესში, რაც საქართველოსთვის მიუღებელია.

"თავიანთი გაუთავებელი ორმაგი სტანდარტების გამო, გაუგონარ ჩიხში შევიდნენ, იმიტომ, რომ მათ მიერ გაჟღერებული ორმაგი სტანდარტები გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივ მიდგომებს ეწინააღმდეგება, ერთმანეთსაც ეწინააღმდეგება. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ამბავი ჰქონდათ ატეხილი - რატომ არ დაელოდეთ ვენეციის კომისიის დასკვნასო. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც არ იყო არავითარი სამართლებრივი ალტერნატივის შემოთავაზება, კანონის შეცვლასთან დაკავშირებით. უბრალოდ იყო შეფასება, რაც ცალსახად ცდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას, ეს არ არის მათი საქმე. არ დაელოდეთო გვსაყვედურობენ, თუმცა რომც დავლოდებოდით, რა უნდა გაგვეთვალისწინებინა კაცმა არ იცის. ირაკლი კობახიძემ არაერთხელ შესთავაზა დასავლელ პარტნიორებს ღია დებატები, რაზეც მათ უარი თქვეს. რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს - ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიას აქვს კონკრეტული შემოთავაზებები ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით, თუმცა გვთხოვენ იმის გათვალისწინებას, რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია. საუბარია ლგბტ პროპაგანდისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე. ამით ფაქტობრივად ერევიან ჩვენი ხალხის არჩევანში. ქართული საზოგადოების არჩევანი არის ის, რომ ლგბტ პროპაგანდას შევეწინააღმდეგოთ და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს კანონი ცალსახად არის გამიჯნული ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების დაცვისგან. კანონში საუბარია პროპაგანდის აკრძალვაზე, ერთსექსიანთა ქორწინების დაკანონების, მათ მიერ შვილის აყვანის აკრძალვაზე, მათი პროპაგანდის გავრცელების შეზღუდვაზე სასწავლო დაწესებულებებში და ა.შ, ასეთი ტიპის აკრძალვებს ეხება ეს კანონი და ეს არის ჩვენი ხალხის ნების გამოხატულება. ნებისმიერი დემოკრატია მუშაობს ასე - რაც არის ხალხის უმრავლესობის არჩევანი, იმ რეფორმასა თუ ცვლილებას ატარებს ხელისუფლება და ხალხის არჩევანი, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის არჩევაში ვლინდება. ჩვენ გვეუბნებიან - თქვენი ხალხის არჩევანი კი არის ეს [ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა], მაგრამ ჩვენ გეუბნებით, რომ ეს არ უნდა აიკრძალოს და მიჰყევით ჩვენს რჩევებსო. ანუ, ისევ უხეში ჩარევაა ჩვენი ხალხის არჩევანში და საშინაო პოლიტიკაში. გამჭვირვალობის კანონის შემთხვევაში არავითარი შემოთავაზება არ აქვთ, მეორე შემთხვევაში - აქვთ შემოთავაზება, თუმცა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და ეს არ არის დემოკრატია, ეს არის მათი სურვილების ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის თავს მოხვევა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ - ერთ რეზოლუციაში, რომელიც სხვა კომიტეტმა მიიღო წერია, რომ ევროპის ქვეყნებს უწუნებენ დემოკრატიის ხარისხს და ამბობენ, რომ დემოკრატიის ჩამორჩენა და უკუსვლაა ევროპის ქვეყნებში. შეიძლება ცოტა უხეში ნათქვამი იყოს, მაგრამ ჯერ იქნებ საკუთარ დემოკრატიას მიხედონ და დააყენონ იმ დონეზე, რაც საჭიროა და მერე გვითხრან ჩვენ - რა არის კარგი. დემოკრატია არის ხალხის მმართველობა და ხალხის მმართველობა ნიშნავს იმ პოლიტიკას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და თუ ამას ხალხი უარს ეტყვის, ეს არჩევნებზე გამოჩნდება. წინასაარჩევნო პერიოდში ვართ, 4 თვეზე ნაკლებია დარჩენილი საპარლამენტო არჩევნებამდე და უცებ ამ პერიოდში გამოაქვეყნეს რეზოლუცია. მე ვფიქრობ, ამ რეზოლუციის მიღება ამ პერიოდში არის უხეში ჩარევა წინასაარჩევნო კამპანიაში და არჩევნების პროცესში იმიტომ, რომ ეს მუშაობს ხალხში აღქმების შექმნაზე. ადამიანი, რომელიც მაინც და მაინც ჩახედული არ არის პოლიტიკაში, შემთხვევით მოკრავს ყურს, რომ ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია და მოგვიწოდებენ გაუგონარი რაღაცებისკენ, ცხადია, ასეთ ადამიანს გაუჩნდება აზრი - ევროპის საბჭო თუ ამას გვეუბნება, კარგად არ ყოფილა საქმეო. ავრცელებენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა და ისევ ორმაგი სტანდარტი," - აღნიშნა სეფაშვილმა.

დღის ამბები