25 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
საქართველოს ნაკრებმა ყველაზე ხმაურიანად შეაბიჯა ევროპის ჩემპიონატზე - პორტუგალიასთან მატჩი საქართველოსთვის ფინალის ტოლფასი იყო

26 ივნისი, 8 საათი. ისტორიულ საფეხბურთო ღამეს ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ყველა მოუთმენლად ელოდება. ანგარიშგასაწევ მეტოქესთან თამაშის დაწყებამდე სამი საათია დარჩენილი. თბილისის უბნებში სახლებსა თუ აივნებზე ეროვნული დროშებია გადმოფენილი. ზაქარიაძის ქუჩაზე შეხვდებით ერთ კორპუსსაც, რომელიც გულშემატკივრებმა ისე მორთეს, რომ გმირი ფეხბურთელების ტაქტიკური განლაგება დაიტია. განსაკუთრებულია ქვეყანაში საფეხბურთო სამზადისიც.

დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილებსაც კი ეტყობათ, რომ დღეს დიდი ფეხბურთია. ყველა ფეხბურთის ენაზე ალაპარაკდა და ახლა საფიქრალიც ერთადერთია - როგორ აჯობონ პატარა ქვეყნიდან დიდ ტურნირზე წასულებმა გუნდს, სადაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი - რონალდუ თამაშობს. ამიტომაც ზოგს გამარჯვების სჯერა, ზოგს ფრთხილი მოლოდინი აქვს, ზოგსაც საფეხბურთო ბუღალტერია აიმედებს.

თბილისის ერთი პატარა უბნის ამ ეზოში მეზობლები იკრიბებიან, რომ ევროპის შუაგულში ქვეყნის სახელით წასულ გუნდს უგულშემატკივრონ. ყველაფერი ისეა, როგორც ფეხბურთს უხდება, ემოციებიც ჭარბობს და მორიგი სასწაულის მოლოდინიც. მსაჯის სასტვენიდან 92 წამში კი მართლაც საფეხბურთო სიგიჟე იწყება. ამ უბანმა და მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ამ დროს ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.

ფეხბურთის სიყვარულმა, ქართველებთან ერთად, აამღერა სტუმარი საფრანგეთიდან, ვილი სანიოლის სამშობლოდან. ტაიმის გასვლასთან ერთად, გულისცემაც კიდევ უფრო მატულობს და იმის რწმენაც, რომ ეროვნული ნაკრები დიდ ფეხბურთში თავის სათქმელს იტყვის. თითოეულ დარტყმას, ბურთის სიზუსტესა და გაფუჭებულ საგოლე მომენტებს გულშემატკივრების შესაბამისი რეაქციები აქვს. საქართველოს ნაკრები თავგანწირვით იბრძვის - ისე, თითქოს მათი უკანასკნელი ბრძოლა იყოს. გავა დრო და თაობებს მოუყვებიან, ამბავს ქართველ მეკარეზე. ბიჭზე, რომელმაც ფეხბურთის ლეგენდის დარტყმული ჯარიმა ჩვეული სიმშვიდით მოიგერია.

წინამძღვრიშვილის 99 ნომერში მდებარე თბილისურ სახლში ეკრანებთან მსხდომები კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მოლოდინში არიან, როცა ევროპის ჩემპიონატის სუპერგმირი გიორგი მიქაუტაძე თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად ემზადება. გადამწყვეტ წამებს ეკრანთან მიჯაჭვულები სუნთქვაშეკრულები ელოდებიან. ევროპულ კარში საქართველომ მეორე გოლი გაიტანა.

ამ წამიდან ევროპის ჩემპიონატზე მთავარი სენსაციის შემოქმედები ვხდებით. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ ყველას დააჯერეს, რომ ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია. რომ თავგანწირულ ბრძოლას, მონდომებას, რწმენას, უფრო ძლიერისა და გამოცდილის დამარცხება შეუძლია. ასეთია სიხარულის პირველი წამები, როცა ეკრანებთან მსხდომმა ადამიანებმა ქუჩებში გადაინაცვლეს, როცა ყველა ერთ დროშას ჩაებღაუჭა და მთელი საქართველო გარეთ გამოიყვანა. ზეიმობდა ყველა, შეძახილები ისმოდა ფანჯრებიდან თუ აივნებიდან.

ეს არის წამი, როცა კიდევ ერთხელ დავინახეთ, როგორ შეუძლია სპორტის ამ სახეობას ჩვენს ქვეყანაში ადამიანების ასე გაერთიანება და გაბედნიერება; როგორ უყვართ აქ ფეხბურთი და რატომ არის ის ქართველებისთვის უფრო მეტი, ვიდრე - მხოლოდ სპორტი.

ქვეყნის გამარჯვების ამბავმა გერმანიიდან სამტრედიის რკინიგზის სადგურამდეც ჩამოაღწია.

ერთი ღამით მთელ ქვეყანას მართლაც ჯადოსნურ ზღაპარში გაეღვიძა. იმ ღამეს, ალბათ, არავის ეძინა, თუმცა ყველას მაინც თავი სიზმარში ეგონა. ხმით ყვიროდნენ, რადგან დიდი ხნის ნანატრი მოვიდა.

კუმირების გამარჯვება უხაროდათ პატარებსაც. გერმანიიდან ჩამოტანილი ამბავი საჩუქარი იყო ამ ბიჭისთვისაც, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა და ალბათ, ეს დღე არც არასდროს დაავიწყდება.

ქართველებისთვის 26 ივნისის ღამე, ალბათ, მეორედ დაბადებას ჰგავდა. იმ ღამეს დაბადებულები კი ფეხბურთს პირველივე წამებიდან ეზიარნენ.

შავ ზღვასა და ცისფერ მთებს უმღეროდნენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ევროპის შუაგულიდან. ბიჭებმა ქართველებს საქართველოში ხმა გასახდელიდანაც მიაწვდინეს

ქუჩებში თითქოს ქვეყნის გულისცემა ისმის... ცრემლიანი თვალები, დაკარგული ხმები... ამ დღეს ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები ყველაზე ახლობლები გახდნენ. აჩქარებული პულსი, სიამაყის განცდა - ზაფხულის ერთი დღე, როცა დრო გაჩერდა და დღე, ქვეყნის ყოველდღიურობა რომ შეცვალა. წუთები, რომელიც აღარავის დაავიწყდება. გამარჯვების ზეიმი, რომელმაც ყველა გააერთიანა მოხუცები დიდები, პატარები მძღოლები თუ ფეხით მოსიარულეები, საპატრულო პოლიცია, ერი თუ ბერი. 

ქუჩებში ყველა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საგოლე ჟესტებს აცოცხლებდა. ალბათ, ყოველდღე ვერ ნახავთ მაღაზიის რიგში მდგარ ქართველებს, რომლებიც ბოლო ხმაზე საფეხბურთო ჰიმნებს ასრულებენ. გულშემატკივრებმა არც სადღეგრძელოები დაიშურეს.

ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, ათასობით ქომაგი ახლა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაშია. ვინც ვერ წავიდა, მათთვის მთავარი შეკრების ადგილი ლეგენდარული ფეხბურთელის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი იყო. ტრიბუნები ემოციებს ვეღარ იტევდა.

კონტინენტის პირველობაზე წასულებმა მხოლოდ ევროპა კი არა, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს და გადარიეს. უცხოური კლუბები და კომენტატორები - ქართულადაც.

მანძილი თბილისიდან ლისაბონამდე შემცირდა - 39 წლის სუპერვარსკვლავი, ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობის კუმარად რომ იქცა,  წლების შემდეგ, ამ ბიჭებმა ორთაბრძოლაში დაამარცხეს და ახალი ლეგენდა შექმნეს.

ეროვნული ნაკრების ექიმმა დავით ხარაბაძემ თამაშის შემდეგ ფეისბუკში პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველების თამაშის პერსპექტივაც დაინახა და ფეხბურთის კიდევ ერთი მეფე გამოიწვია.

აქ, ამ პატარა ქვეყანაში არც მესი დაბადებულა და არც რონალდუ, მაგრამ ახლა, შინ და გარეთ, ყველამ იცის, თვალსა და ხელს შუა როგორ დაიბადა ხელმეორედ ქართული ფეხბურთი - ამ ბიჭების ფეხით და ხელით - ფეხბურთელების, რომლებმაც სპორტის ეს სახეობა ყველას თავიდან შეაყვარეს, კიდევ უფრო სახალხო გახადეს, ბურთი ყველას ოჯახში მიიტანეს და საფეხბურთო დღეებიც ნამდვილ დღესასწაულად გადააქციეს.

დღის ამბები