25 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
მწამს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ - ოთარ კიტეიშვილის მამიდა

რუსთავის ცენტრალურ პარკში ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები არიან შეკრებილები. ისინი ფეხბურთის ყურებას ცენტრალურ პარკში დამონტაჟებულ ეკრანზე შეძლებენ. ადგილზე იმყოფებიან ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილის მამიდა და მისი მასწავლებელი.

ოთარ კიტეიშვილის მამიდა, მარიამ ნანუაშვილი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდება.

"როგორ შეიძლება, უემოციოდ შეხვდე ამხელა თამაშს? იმედით ვარ სავსე, როდესაც ოთოს ვხედავ ეკრანზე. რომ ვუყურებ, მიკვირს კიდეც, ნუთუ ამხელა რამეს მიაღწია ოთომ? თავიდანვე ასეთი იყო და ვიცოდი, რომ ის შეძლებდა შეუძლებელ. მწამს, რომ დღეს აუცილებლად გავიმარჯვებთ. როგორც პორტუგალიასთან თამაშის დროს გამოეფინა მთელი ქალაქი, დღესაც მწამს, რომ ამ ასეთი ემოციით სავსე საღამოო გვექნება.

ოთო თავმდაბალი ადამიანია. პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ, ჟურნალისტი მივიდა და შეახსენა, რომ გერმანიაში მას ფეხბურთის მოცარტი უწოდეს. ეს დიდი შეფასებაა. მან თავმდაბლურად უპასუხა, რომ ეს მხოლოდ მას არ ეხებოდა, ყველა ბიჭს ეხებაო", - განაცხადა მარიამ ნანუაშვილმა.

ოთარ კიტეიშვილის მასწავლებელმა, ხათუნა ყარამანიშვილმა ფეხბურთელს წარმატება უსურვა და მას ლექსი მიუძღვნა:

სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს,
მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი,
მტერიცა გყავდეს, მოყვარეც გყავდეს,
მაგრამ არცერთთან ჭამო სირცხვილი.
სიცოცხლე უნდა სიმღერას ჰგავდეს.
და ამ სიმღერით გიძგერდეს გული.

დღის ამბები