25 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
როგორ აიხდინეს ბავშვობის ოცნება ქართველმა ფეხბურთელებმა - ხვიჩა კვარაცხელიას შეხვედრა ბავშვობის კუმირთან

ბედისწერა ბურთივით დატრიალდა... წლების წინ, მოედანზე, პატარა ბიჭი დიდი ოცნებებით, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა დრო და მისი საფეხბურთო გმირი წინააღმდეგაც იქცეოდა, მოედანზე ხასიათსაც გაუფუჭებდა და მეტიც - ამ თამაშის მთავარი გმირი თავად გახდებოდა...

11 წლის წინ, თბილისში ნათქვამი სიტყვები რეალობად გერმანიაში იქცა. თავად, ალბათ, ვერც იცნო ის პატარა ბიჭები, რომლებიც საქართველოში სტუმრად ყოფნისას, "დინამოს აკადემიაში" შორიდან გაიცნო. არადა, გავა დრო და სწორედ ეს პატარა ბიჭები, დიდ მიზნამდე გზასაც დიდს გაივლიან და, თუკი ამ ფოტოებში, მათი სახელები ჯერ არავინ იცის, აქ უკვე მათზე მსოფლიო ისაუბრებს.

დიდი შეხვედრა ამით არ დასრულდა. ჯვაროსნებმა პორტუგალიის კარი ორჯერ აიღეს და მეტოქეს მარცხის ემოცია აჩუქეს. თავად კი ამ ზღაპარს კიდევ ერთი ეპიზოდი შემატეს. დიდ სიხარულს პატარა პაუზა მოყვა, პაუზას - გზიდან გადახვევა, კუმირთან შეხვედრა და ბოლოს - ნანატრი მაისურით, ზეიმის გაგრძელება.

თამაშის წინ პირობა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას არ დაუდია. პირობა შეასრულა გიორგი მამარდაშვილმაც. ქართველების კარის მცველმა, ბადემდე არც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის დარტყმული მიუშვა.

სანამ ვიწრო ბილიკებს ფართო გზები ჩაანაცვლებდა, იყო ბევრი შრომა, გათენებული ღამეები, თავდაუზოგავი ვარჯიში და მიზანი - გამხდარიყვნენ საუკეთესოები და თავადაც სამაგალითოები.

ამ ბიჭებს და მათ ოცნებებს თავი დინამოს აკადემიამ მოუყარა. ეს კედლები მათი ბავშვობის ისტორიებს, თავგადასავლებს, ცელქობასა თუ სახალისო ამბებს ინახავს. დიდი ფეხბურთელების წარსული ყველაზე კარგად კი მათმა საფეხბურთო მშობლებმა იციან და ახსოვთ.

ახსოვთ სად იზრდებოდნენ, რა უყვარდათ, სად ესიზმრებოდათ ის ფერადი სურვილები, ალბათ მეორე დღეს ძილის წინ რომ ერთმანეთს უყვებოდნენ.

სკოლას აცდენდნენ, თუმცა არ გაუცდენიათ გაკვეთილები, ის მთავარი გაკვეთილები, მთავარ სურვილამდე რომ მიიყვანა. რომ გავიზრდები, იცი ვინ უნდა გამოვიდე? - თუკი ადრე ამ კითხვის პასუხი პორტუგალიური გვარი იყო, ახლა ამ სივრცეში ეს შეკითხვა რომელიმე ქართველის გვარით სრულდება.

ოცნებები ხდება, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია - იმ, ახალი ისტორიის, რომელსაც პატარა ქვეყნის უკვე დიდი ფეხბურთელები წერენ - ის ფეხბურთელები, ბავშვობაში რომ ამბობდნენ - იცი, დიდი რომ გავიზრდები, ვინ უნდა გამოვიდე?

 

ავოტირი: იზი ბურნაძე, ნანა გოგატაძე.

დღის ამბები