30 ივნისს თავდაცვის უწყება დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს აღნიშნავს. სპორტული და კულტურული ღონისძიებების კვირეულის გახსნის ოფიციალური ღონისძიება მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ - მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. მინისტრმა პატივისცემა გამოხატა დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების მიმართ და საქართველოს მთავრობის მხრიდან მათი მხარდაჭერის პოლიტიკაზე ისაუბრა.
"თითოეულ სამხედროზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა ჩვენი მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც პრემიერ-მინისტრის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენი მიზანია, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების პირობები საერთაშორისო სტანდარტებს გავუთანაბროთ და იყოს ისეთივე ღირსეული, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის მიმართულებით. მან საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, შეჯიბრებები გაიმართება პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. დაჭრილ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს, წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრი ღია კარის დღეზეც უმასპინძლებს.
ცენტრის ტერიტორიაზე დაგეგმილია სამხედრო ტექნიკის გამოფენა და გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.