დნიპროზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ბალისტიკური რაკეტა მოხვდა, რის შედეგად ოთხი სართული ჩამოიშალა, ადგილზე ხანძარი გაჩნდა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.
ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, თავდასხმას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საავადმყოფოში გადაყვანილი ცამეტი ადამიანის მდგომარეობა რთულია. ნანგრევებიდან მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ამოყვანა შეძლეს. დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვი და ფეხმძიმე ქალია. ამ დროისთვის ადგილზე ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსული ტერორისგან თავის დაღწევისთვის ერთადერთი გზა, პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაა.
უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას, ფრონტის ხაზზე უკრაინელი სამხედროები განმარტავენ. ჩასივ იარში უკრაინის ძალებმა მტრის საცეცხლე პოზიციების გარღვევა და ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლის დამყარება შეძლეს. კონფლიქტის ზონაში ბრძოლები შეუჩერებლად მიმდინარეობს.
მძიმეა სიტუაცია რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში, სადაც რუსეთი იერიშებს ყოველდღიურად ახორციელებს. დნიპროს, სუმის, ხარკოვის და დონეცკის რეგიონში ფრონტის ხაზზე შეტაკებები არ წყდება. რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია იერიშების პარალელურად მიმდინარეობს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.