ამერიკა, გუშინდელი დებატებიდან გამოსვლას ცდილობს. უკვე მეორე დღეა, ყველა ტრამპსა და ბაიდენს განიხილავს: რესპუბლიკელები გამარჯვების, დემოკრატები კი მარცხის კონტექსტში. ერთმანეთთან დუელი მალევე შეაფასეს თავად პრეზიდენტებმაც.
მართალია, მოქმედი პრეზიდენტის გამოცდილებასთან და შინაარსთან დემოკრატებს პრობლემა არ აქვთ, მაგრამ ამერიკული დემოკრატია ის ბრენდია, რომელსაც დამაჯერებელი სახე სჭირდება. ამიტომ უკვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ დემოკრატიული პარტიის მთავარი დონორები კანდიდატის შეცვლას ითხოვენ. ვიდრე კულუარები საჯარო გახდება, პრეზიდენტს მისი გუნდის წევრები იცავენ.
არჩევნებამდე 130 დღეა დარჩენილი, მანამდე რესპუბლიკელებმაც და დემოკრატებმაც საკუთარი კანდიდატები ოფიციალურად უნდა წარადგინონ. სასამართლოებით გაფუჭებული რეპუტაციისა და ეპატაჟური ფიგურის გამო, ტრამპს საკუთარ გუნდშიც არ სწყალობენ, თუმცა დებატების შემდეგ მოკვლეულმა საზოგადოებრივმა აზრმა ასეთები დააფიქრა. დემოკრატებში კი უკვე ჟღერს ის სახელები, რომლებიც შესაძლოა დემოკრატების საარჩევნო ბანერებზე ვიხილოთ, ბაიდენის წასვლის შემთხვევაში: ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და კალიფორნიის გუბერნატორი გავინ ნიუსომი სიის თავში არიან.
ჩამოყალიბებულ ამომრჩეველზე მეტად, ჩამოუყალიბებლებს უჭირთ, რადგან ამბობენ, რომ საბოლოოდ აღფრთოვანებას მათში არცერთი კანდიდატი არ იწვევს და ამერიკა მეტს იმსახურებს.
ამომრჩევლების გულის მოსაგებად ან აზრის შესაცვლელად დრო საკმარისია, ნოემბრამდე 5 თვეა. ექსპერტები დემოკრატებს ურჩევენ თეთრ სახლში ყოფილი პრეზიდენტებისა და გავლენიანი კონგრესმენების დელეგაცია მიაგზავნონ, რომ ბაიდენს ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე კამპანიიდან წასვლა ურჩიონ. არჩევნებზე წარმატებისთვის პარტიაში ახლა ბევრი სამსჯელო და სამუშაოა.