25 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
მმართველი გუნდი, "ნაცმოძრაობას" და მათ უცხოელ თანამოაზრეებს, ევროსაბჭოში საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს - ვინ იყო ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვის ინიციატორი

მმართველი გუნდის წევრი გივი მიქანაძე, ”ნაციონალურ მოძრაობასა” და მათ უცხოელ თანამოაზრეებს, ევროსაბჭოში საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს. გივი მიქანაძის განცხადებით, 2 დღის განმავლობაში მუდმივი მცდელობა იყო ევროსაბჭოს საკომიტეტო თუ სასესიო სხდომის ფარგლებში, მომზადებულ რეზოლუციაში ისეთი შესწორება შესულიყო, რომელიც საქართველოსთვის ევროსაბჭოში წევრობის შეჩერებას გამოიწვევდა.

ანა წითლიძე, ლევან ბეჟაშვილი, უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო, ასევე ესტონელი და ლიეტუველი პოლიტიკოსები, შესწორების შეტანას რეზოლუციის მეთორმეტე პუნქტში ითხოვდნენ. მათი სურვილი იყო დოკუმენტში ჩაწერილიყო, რომ საქართველო ევროპის საბჭოს მესამე მუხლის დარღვევის სერიოზული საფრთხის წინაშეა. მესამე მუხლი კი წესდების მიხედვით, საბჭოს მთავარ პრინციპებს ეხება. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვასა და თავად საბჭოს მიზნის კეთილსინდისიერად განხორციელებას. ამ მუხლის დარღვევა კი, საბჭოს წევრს წარმომადგენლობის უფლებას უჩერებს. რატომ ითხოვდნენ საკუთარი ქვეყნისთვის სტატუსის შეჩერებას, ამაზე ადრესატებს საუბარი არ სურთ. ”ნაციონალური მოძრაობის” მოკავშირეების ნაწილს კი მიაჩნია, რომ შეზღუდვები არა ქვეყანას, არამედ ინდივიდებს უნდა დაუწესდეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ევროსაბჭოში საქართველოს წევრობა არჩევნებზეა დამოკიდებული.

საპარლამენტო უმრავლესობაში, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მათი უცხოელი თანამოაზრეების ინიციატივა, მავნებლობად შეაფასეს. უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმიდან საქართველოს ჩამოშორების მცდელობა ქვეყნის ინტერესების ღალატია.

ევროსაბჭოში წევრობის შეჩერების ან ნებისმიერი სხვა გზა, რომელიც დასავლეთის მხრიდან საქართველოს გარიყვას ეხება, ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. მათ მიაჩნიათ, რომ არცერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი ქვეყნის დაზიანება არ უნდა იყოს.

სტრასბურგში მომხდარს, საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძემ ”ნაციონალურ მოძრაობას” დღეს 2008 წელი და აგვისტოს ომიდან მალევე, კვლავ საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ რეზოლუციაზე ხელმოწერა შეახსენა.

ევროსაბჭოში დებატები გუშინ გაიმართა. სხდომაზე დამტკიცდა რეზოლუციის ტექსტიც, თუმცა ”ნაციონალური მოძრაობის” და მათი თანამოაზრეების ინიციატივა, საქართველოსთვის საბჭოს წევრობის შეჩერების საკითხი გადაიხედოს - გაზიარებული არ იყო.

დღის ამბები