25 ნოემბერი 2024,   07:05
ვრცლად
ადრე ვთქვი, რომ არ დავუშვებთ "კოლექტიური ნაცმოძრაობის" არცერთ წევრს არცერთ თანამდებობაზე... ასეთი დამოკიდებულება შენარჩუნდება - პრემიერი

"კიდევ აპირებთ კოჰაბიტაციის გაგრძელებას?" - ეს კითხვა პრემიერ-მინისტრს ანგარიშის წარდგენის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ დაუსვა.

ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ კოჰაბიტაცია "ქართული ოცნებისთვის" თავიდანვე ძალით იყო თავსმოხვეული, ახლა კი "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენა დანაშაული იქნებოდა.

"კოჰაბიტაცია იყო თავსმოხვეული, იძულებითი მოვლენა 2012-2016 წლები იყო ძალიან რთული ამ თვალსაზრისით. გახსოვთ, მაშინ იყო კოალიცია "ქართული ოცნება", რომელიც შედგებოდა მთელი რიგი პარტიებისგან. ეს პარტიები ვინ იყვნენ და ვის ემსახურებოდნენ, ბოლოს გამოჩნდა. ასეთ ვითარებაში იძულება იყო "ქართული ოცნებისთვის" კოჰაბიტაციის რეჟიმში ყოფნა.

თუმცა, ჩვენს საკმაოდ ხმამაღლა ვთქვით გასული თვეების განმავლობაში, რომ ვაპირებთ პრინციპული მიდგომით მოქმედებას იმ ადამიანებისა და ძალების მიმართ, რომლებიც ამდენი წელია არ ასვენებენ ამ ქვეყანას. ჯერ იყო 9 წელი - როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ახლა არის 12 წელი - როცა არიან ოპოზიციაში. ეს ადამიანები მტრობენ ამ ქვეყანას და ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ სრულიად სხვა ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენა ასეთი ძალებისა და ადამიანების მიმართ იქნებოდა დანაშაული.

ჩვენ დღეს გვაქვს რესურსი იმისათვის, რომ პრინციპულად დავიცვათ სახელმწიფო ინტერესები. ერთ-ერთი საპარლამენტო გამოსვლისას გავაკეთე განცხადება, რომ არ დავუშვებთ "კოლექტიური ნაცმოძრაობის" არცერთ წევრს არცერთ თანამდებობაზე და ასეთი დამოკიდებულება შენარჩუნდება. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთმა ადამიანებმა, რომლებიც არიან უარყოფითად განწყობილი საკუთარი ქვეყნისა და მისი იდენტობის მიმართ, ვერ შეძლონ მომავალში ამ ქვეყნის დაზიანება,"- განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები