25 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
მინიმუმ 5 მილიარდ დოლარიანი ბონუსი გვექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვიწევდა ხელოვნური კრიზისების პირობებში ქვეყნის მართვა - პრემიერი

არის თუ არა გარკვეული პოლიტიკური პროცესები "მუხრუჭი" ქვეყნის განვითარებისთვის? - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრს კითხვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ დაუსვა.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველო წინ მიმავალი მანქანაა, თავისი მიღწევებით გარკვეულ მანძილს გადის წარმატებულად, მაგრამ ხელის მუხრუჭი აქვს ამოწეული. თუ შეიძლება, მიახლოებით მაინც, ეკონომიკურ განზომილებაში ვისაუბროთ იმაზე, რომ არა ხელის მუხრუჭი, ეს შედეგები - თუნდაც ეკონომიკური და სოციალური პაკეტის ზრდა, რამდენად უფრო პოზიტიურ ციფრებსა და მაჩვენებლებში იქნებოდა გამოსახული?" - მიმართა პრემიერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რომ არა ხელოვნურად შექმნილი კრიზისების პირობებში ქვეყნის მართვა, დღეს საქართველოს ეკონომიკა, შესაძლოა, 5 მილიარდი დოლარით მეტი ყოფილიყო.

"რა თქმა უნდა ნებისმიერი ასეთი ხელოვნური პოლიტიკური პროცესი წარმოადგენს ერთგვარ მუხრუჭს ეკონომიკური განვითარებისთვის და კიდევ გავიმეორებ, რომ არა ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, მაგრამ უფრო ადრეც, მთელი ამ 12 წლის მანძილზე, ჩვენი ეკონომიკა თუ არის დღეს 30 მილიარდი დოლარი, თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო მინიმუმ 35, 40 მილიარდი დოლარიც კი. ამის განსაზღვრა ზუსტად არის რთული, მაგრამ ვფიქრობ, რომ გვექნებოდა, მინიმუმ, 5 მილიარდ დოლარიანი ბონუსი იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვიწევდა ასეთი ხელოვნური კრიზისების პირობებში ქვეყნის მართვა. ეს არის ძალიან სამწუხარო.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პრინციპული იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის სწორედ ეს, რომ ასეთი ხელოვნური მუხრუჭი არ უნდა ჰქონდეს ქვეყნის განვითარებას, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და არ შეიძლება შავი, დაფარული ფულით ხდებოდეს ქვეყანაში არეულობის პროცესის მხარდაჭერა, ისეთი პროცესის მხარდაჭერა, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები