25 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ელჩების დემარში, რუსეთის გავლენის ზრდა და ანტიდასავლური დეზინფორმაცია - რა პასუხი გასცა პრემიერ-მინისტრმა თეონა აქუბარდიას დასმულ კითხვებს

"რეფორმების ჯგუფის" წევრმა თეონა აქუბარდიამ, პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მოსულ პრემიერ-მინისტრს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, შემდეგ კი სხდომათა დარბაზი დატოვა. დეპუტატის კითხვები ეხებოდა ელჩების დემარშს, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებასა და ანტიდასავლურ დეზინფორმაციას.

"ქვეყნის კონსტიტუციის განსაზღვრული საშინაო და საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალების გამო, დღეს თქვენ აქ ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების დემარშის, არამედ ევროკავშირის და NATO-ს ელჩების დემარშის გამო. მაშინ, როდესაც ანტიდასავლური დეზინფორმაციის მთავარი გამხმოვანებელი თავად თქვენ ხართ, რასაც თქვენ ევროკავშირი ღიად გეუბნებათ, მაშინ, როცა ევროკავშირის და NATO-ს კარი თავად ჩაკეტეთ და ამისთვის მხოლოდ კრემლი გაქებთ და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ქვეყნის 20%-ის გარეშე გთავაზობთ, ვის ინტერესებს ასრულებთ თქვენ, თუ არა კრემლის? ეს არის კითხვები, რაზეც თქვენ საჯაროდ უნდა უპასუხოთ, არა მე მიპასუხოთ, არამედ ხალხს. მე შევუერთდები ჩემი კოლეგებს," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პირველ რიგში, დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვის იმ ნაწილს უპასუხა, რომელიც ელჩების დემარშს შეეხებოდა.

"ჟარგონზე რომ ვთქვათ, კარგ "სატოპკეებს" გვიწევს ხოლმე რადიკალური ოპოზიცია. ის საუბრობდა ელჩების დემარშზე - ელჩების დემარში არ არის ის, რაც შეიძლება დადებითად გაიხსენოს ვინმემ ბოლო თვეების და რამდენიმე წლის კონტექსტში. შეგახსენებთ, ჩვენ ვიხილეთ 27 ელჩის დემარში სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაუკავშირეს ეს საკითხი ქვეყნის ევროინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. მაშინ ჩვენ დემარში არ გავითვალისწინეთ, რადგან ეს დემარში იყო სრულიად უსაფუძვლო. არ გადავდგით ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდებოდა სამართლის უზენაესობის იდეას და ამ პირობებშიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. დემარშები არის დროებითი, როცა მათ არ აქვს მყარი საფუძველი,"- აღნიშნა პრემიერმა.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ისაუბრა.

"რუსეთის გავლენის ქვეშ მაშინ მოექცეოდა ეს ქვეყანა, მათი რეკომენდაციები რომ გაგვეთვალისწინებინა, იგივე სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით. გახსოვთ, სწორედ თეონა აქუბარდია არის იმ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წევრი, რომელიც ითხოვდა სანქციებთან მიერთებას
აი, მაშინ გენახათ თქვენ რუსეთის გავლენის გაფართოება საქართველოზე. ან, თუ გავითვალისწინებდით მათ დაჟინებულ რეკომენდაციას უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნასთან დაკავშირებით, მაშინ გენახათ რუსეთის გავლენა საქართველოში, მაშინ ახდებოდა ქალბატონი თეონას ოცნება საქართველოში რუსეთის გავლენის გაფართოებასთან დაკავშირებით," - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა კომენტარი გააკეთა ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან დასმულ კითხვაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა მასთან საბრძოლველად.

"ქალბატონი თეონა საუბრობდა ანტიდასავლურ დეზინფორმაციაზე - სინამდვილეში, განსაკუთრებით ამ 2-3 წლის განმავლობაში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ დაგვეცვა ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია. იმისათვის, რომ საზოგადოებას არ შეჰქმნოდა არასწორი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ჩვენ გვერჩის ევროკავშირი ან ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე, სინამდვილეში, სიმართლე არის სხვაგან - არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს არსებითი გავლენა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. სჭირდება ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც დეოლიგარქიზაცია და მე იმედი მაქვს, რომ პროცესები ამ მიმართულებით წარიმართება, შესაბამისად, შემცირდება ზეწოლა საქართველოზე," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები