25 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
უნდა ველოდოთ თუ არა ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დაინიცირებას - "გირჩის" კითხვა და ირაკლი კობახიძის პასუხი

პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატებს პრემიერ-მინისტრისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცათ. ოპოზიციიდან სხდომას მხოლოდ "გირჩი" და "ევროპელი სოციალისტები ესწრებოდნენ.

"გირჩის" წევრმა, ჰერმან საბომ ირაკლი კობახიძეს ქვეყანაში პატიმრების სიჭარბე შეახსენა და დასვა კითხვა, იგეგმება თუ არა კონკრეტული ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

"თქვენს წინა ვიზიტზე აქ ყოფნისას ახსენეთ, რომ დიახ, საქართველოში პატიმრების რაოდენობა არის ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე უარესი და დღესვე რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვიქნებით პირველ ადგილზე პატიმრების რაოდენობით. თქვენ ახსენეთ, რომ საშუალო ევროპულ სტანდარტს რომ მივუახლოვდეთ, უნდა განახევრდეს პატიმრების რაოდენობა. ეს ძალიან სწორი მესიჯი კარგად მიიღო და აღიქვა, მათ შორის, საზოგადოებამ - იმედი ჩაესახათ პატიმრებს, მათ ოჯახის წევრებს. გეგმავს თუ არა წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება" ამ მიმართულებით რაიმეს?"- მიმართა ჰერმან საბომ პრემიერს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ამნისტიის შესახებ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

"ვმუშაობდით აქტიურად. იუსტიციის სამინისტრო იყო, პირველ რიგში, ჩართული. სამუშაო პროცესში უკვე არის შედგენილი, მომზადებული შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას.


ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენ ივლისში, ალბათ, მოგვიწევს რიგგარეშე სესიაზე საუბარი, გარკვეული საკითხები იქნება განსახილველი. ივლისში შესაძლებელი იქნება პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება.

თქვენი ჩართულობა იქნება ღირებული, თუ თქვენგანაც იქნება წარმოდგენილი მოსაზრებები, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ამის გათვალისწინებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები