დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე გამოდის და თქვენც, თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ადგილზე თქვენი წვლილი შეიტანეთ მის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიასპორისადმი მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ წაიკითხა.
"ყველას გულითადად მოგესალმებით, განსაკუთრებით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. გლოცავთ და გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, შეიძლება, ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურებაა იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად. არაერთხელ მითქვამს, რომ უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი თქვენგანი საქართველოს სახეა, ამიტომაც უნდა ეცადოთ, თქვენი ცხოვრებითა და საქმიანობით იყოთ ღირსეული წარმომადგენელი სამშობლოსი და იმ ქვეყნისა, სადაც ხართ ამჟამად. ეცადოთ, თქვენც და თქვენი შვილებიც რწმენაში განმტკიცდეთ, არ მოწყდეთ წინაპართა ფესვებს და ძალისაებრ თქვენისა ხელი შეუწყოთ საქართველოს წარმოჩენას თქვენს გარშემო. დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე გამოდის და თქვენც, თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ადგილზე თქვენი, თუნდაც მცირედი, წვლილი შეიტანეთ მის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.