25 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
საუკეთესო დღე საქართველოს ისტორიაში და ერთიანობა - საფეხბურთო ზეიმმა მთელი ქვეყანა მოიცვა

სიხარულის ცრემლებით, დაკარგული ხმით, გულში ჩაკრული უცნობებით და ნაცნობებით, აკანკალებული ხელებით, უძილო ღამით და ემოციით, რომელიც გულში აღარ ეტევა - გამარჯვების გზებზე შედგომა ასეთი ტკბილი არასოდეს ყოფილა.

ერთი პატარა ქვეყნის ჯადოსნური ამბავი საქართველოს გადაგვხდა და გულიც სხვანაირად აძგერდა. ერთი ღამით, ქვეყანა მართლაც კეთილი ზღაპრის ბოლოს დაემსგავსა. ძველი დიდება ბევრს ახსოვს, თუმცა ახალმა მთელი ქვეყანა ჭკუიდან გადაიყვანა.

გავა დრო და მოვყვებით, რომ იმ დღეს საქართველოს არ ეძინა და ვისაც ეგონა, რომ ეძინა, დილითვე დარწმუნდა, რომ არა. არ დაგვსიზმრებია, ჩვენ მართლაც წარმოუდგენელი შევძელით და საოცნებო დებიუტი დაუჯერებელი სენსაციით განვაგრძეთ. ამას ჩვენი მეხსიერებიდან უკვე ვეღარაფერი წაშლის. მადლიერება, რომელიც თითოეულ ქართველს გულში ჩაეღვარა, გამოუთქმელია, ამ მადლიერებას კი ერთი ადრესატი ჰყავს - საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში.

ეროვნული ნაკრების ბიჭების საგოლე ჟესტები მთელმა საქართველომ მომენტალურად აიტაცა. დიდები, პატარები, შინაური ცხოველები, მძღოლები, ფეხით მოსიარულეები, პოლიცია, სასწრაფო, დასუფთავების სამსახური - გუშინ ყველა გარეთ გამოვიდა და ფეხბურთზე მნიშვნელოვანი მათთვის არაფერი იყო. სიამაყემ და ბედნიერებამ ქვეყანა ერთ დიდ ორგანიზმად აქცია. საქართველო ფეხბურთს ზეიმობდნენ ზღვისპირა ბათუმშიც, ქუთაისშიც, ზუგდიდშიც... ყველგან, სადაც საქართველოა. 

ფეხბურთი რომ დღესასწაულია, ეს ახლა მათაც გაიგეს, ვინც მას აქამდე უბრალო თამაშად აღიქვამდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა და საეტაპო გარდატეხა მოახდინა არა მხოლოდ საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში, არამედ - ქვეყნის ყოველდღიურობაში. ამ წამიდან ყველაფერი სხვანაირია. ახლა უკვე ვიცით, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია - იმ დიდი გზის დასაწყისი, რომელიც ყველამ ერთად დავიმსახურეთ - წინ ევროპისკენ, საქართველო!

დღის ამბები