ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, აჩი არველაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში, საქართველო-პორტუგალიის მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან რთული თამაში გველის, თუმცა აღნიშნა, რომ მთავარია, მსოფლიო დონის მოწინააღმდეგეს ღირსეული მეტოქეობა გავუწიოთ.
"სიმართლე უნდა ვთქვა, რომ ძალიან რთული თამაში გველის, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია გასულია შემდეგ ეტაპზე და პირველი ადგილი გარანტირებული აქვს. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში, ფრე არ გვყოფნის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად და აუცილებელია მოგება. მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გულშემატკივრისთვის ამ ევროპის ჩემპიონატს განსაკუთრებული როლი ექნება ყოველთვის, რადგან ჩვენმა ნაკრებმა იმ ორი თამაშით დაამტკიცა, რომ ღირსები იყვნენ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის.
რაც შეეხება დღევანდელ შანსებს - მე მოვისმინე ახალგაზრდა გულშემატკივრების კომენტარები და ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამ ყველაფრის, მაგრამ რეალურად რომ შევაფასოთ, ძალიან რთულ და მსოფლიოს დონის ფეხბურთელებთან გვიწევს თამაში. აქედან გამომდინარე, ერთადერთიო, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ნაკრებს და რაც შეიძლება კარგი თამაში ვაჩვენოთ.
იმ ორ თამაშზეც ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ კარგად ვითამაშებდით და დიდ ემოციებს მივიღებდით და ეს მივიღე. მინდა, რომ ამ თამაშზეც ზუსტად ასეთივე ემოცია მქონდეს,"- აღნიშნა აჩი არველაძემ.