25 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
საქართველოს გულშემატკივრები გერმანიაში - ბრძოლით და სანახაობრივი თამაშით, საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ მაღალი რეპუტაციით გადის

დღეს პესიმისტიც ოპტიმისტია. გავბედეთ, რადგან დავიჯერეთ, რომ ჩვენც შეგვძლებია. 26 ივნისი ის დღეა, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ დიახ, ჩვენ აქ ვართ და შემთხვევით არ მოვსულვართ.

ვიდრე საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგები სტადიონზე მე-12 მოთამაშის როლს მოირგებენ, პორტუგალიის ნაკრებს, შემცირებულ მასშტაბებში, მაგიდის ფეხბურთში დაუპირისპირდნენ.

მოვიგეთ. გვინდა, რომ სტადიონზეც გავიმეოროთ ან, მინიმუმ, ისე ვითამაშოთ, რომ საქართველოზე შეყვარებული გულშემატკივრებისგან ღირსების ტაში დავიმსახუროთ. ასეთი კი ბევრია. დებიუტანტმა საქართველომ მოასწრო და ყველას შეაყვარა თავი. მას გულშემატკივრობენ როგორც რიგითი გამვლელები, ისე ფანჯრებიდან გადმომდგარი მასპინძლები, მთელი სოცმედია, ჩვენი ლეგიონერების ქართულად ალაპარაკებული კლუბები და სპეციალურად საქართველოს თამაშზე გერმანიაში ჩასული ევროპელები.

საქართველოს გასამხნევებლად, ბოლო პერიოდში, არაერთი სიმღერა დაიწერა. დღეს ყველა გერმანიაში ჟღერს. ქომაგები საბრძოლო სულს არ უჩივიან, თუმცა, მის ასამაღლებლად, მუსიკოსებიც მუშაობენ. განწყობა გადამდებია.

მოლოდინები ამაღლებულია პორტუგალიის ნაკრების გულშემატკივრებშიც. მათ ისტორიას ბევრი საამაყო მომენტი ახსოვს და თავს მშვიდად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ქართველებმა სპეციალურ ტაქტიკას მიმართეს - მეტოქეს ფსიქოლოგიურად უტევენ...

ფსიქოლოგიური წნეხი საქართველოსაც ექნება - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში ყოველდღე არ ტარდება. დღეს სტადიონზე ფეხბურთის ლეგენდა - ქრიშტიანუ რონალდუ ირბენს. დებიუტანტებისა და რეკორდსმენების დაპირისპირებას უეფაც გამოეხმაურა.

საქართველოს ნაკრების ბიჭები, ჯერ კიდევ დინამოს აკადემიაში სწავლობდნენ, როდესაც დიდი ფეხბურთელი თბილისს ეწვია. მაშინ კვარაც, ქოჩორაც, ჩაკვეც, ზურიკოც და კიდევ ბევრი სხვა, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საქართველოს ნაკრები სწორედ მათი დამსახურებით გავიდოდა ევროპაზე და მეტიც, იქ მათი კუმირის, ქრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ითამაშებდა.

დღეს დიდი დღეა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ბრძოლისათვის მზად არიან. ისტორიის ახალი ფურცლები სიამაყით უკვე შეავსეს და ქართველ ხალხს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნეს. ახლა ბურთი მოედანზეა, ჩვენ კი ის დაგვრჩენია, რომ მისი უდიდებულესობა ფეხბურთი ერთად ვიზეიმოთ.

დღის ამბები