სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 15 თებერვალს, გარდაბნის რაიონში, ბრალდებულმა სამართალდამცავმა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, დაზარალებულის საკუთრებაში არსებული ავტომობილი რკინის საგნით დააზიანა, ამის შემდეგ კი - იგივე საგნით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩაატარა. გამოიკითხნენ ფაქტის შემსწრე პირები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და დაზიანებული ავტომობილი, ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულება, რის შემდეგაც, დაცვის პოლიციის ინსპექტორს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.