25 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
17 მაისს, როდესაც საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა დედაქალაქისა და რეგიონების ქუჩებში, ფაქტობრივად, სახალხო რეფერენდუმი შედგა კონსტიტუციურ პროექტებთან დაკავშირებით - შალვა პაპუაშვილი

"საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვისთვის დადგენილი მოთხოვნები დაცულია და აღნიშნული კონსტიტუციური კანონების პროექტები მზად არის საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტებისა და პლენარულ სხდომაზე განსახილველად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს კომისიის მუშაობის შედეგები გააცნო.

2024 წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტის 83-მა წევრმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტები.

ამ პროექტთან დაკავშირებით 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტმა დადგენილებით შექმნა კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია. აღნიშნულ კონსტიტუციური კანონების პროექტები გამოქვეყნდა საყოველთაო -სახალხო განხილვისთვის და ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისთვის.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ შეხვედრები ჩაატარა რეგიონებში, კერძოდ, ქუთაისში, ამბროლაურში ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, მესტიაში, რუსთავში, თელავში, ბორჯომში, გორსა და თბილისში, სადაც მონაწილეობდნენ როგორც კომისიის, ისე პარლამენტის წევრები, აკადემიური, პროფესიული წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მოსახლეობა. ყველა სხდომის ოქმი, ისევე როგორც სრული ვიდეო ჩანაწერი განთავსებულია პარლამენტის youtube არხზე.

"გარდა ამისა, 16 მაისს, თბილისში, გაიმართა შეხვედრა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, მათთვის ამ პროექტების გაცნობის მიზნით. ყველა ამ შეხვედრაზე, რომელიც რეგიონებში იმართებოდა, ასევე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მონაწილეების მხრიდან ამ პროექტების მიმართ იყო სრული მხარდაჭერა. საერთო ჯამში, შეხვედრებში მონაწილეობდა 5000-მდე ადამიანი. განხილვის დროს ვეკითხებოდით მონაწილეებს, რომ დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება და სრული მხარდაჭერა იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 17 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებითა და ორგანიზებით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გაიმართა საყოველთაო-სახალხო დემონსტრაცია. საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა დედაქალაქის და რეგიონების ქუჩებში და ამით ფაქტობრივად, შედგა სახალხო რეფერენდუმი ამ პროექტებთან დაკავშირებით. მთლიანად ჩვენმა ქვეყანამ იხილა თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს ჩვენი საზოგადოების მხრიდან.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საყოველთაო- სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ ამ კონსტიტუციური კანონის პროექტების კანონით გათვალისწინებული საყოველთაო-სახალხო განხილვა დასრულებულად მიიჩნია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები