25 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
თეთრმუნდირიანების დღე შავი ზღვის სანაპიროზე და დამწყები მეზღვაურების ფიცის დადების ცერემონია - საქართველო მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს მე-13 აღნიშნავს

თეთრმუნდირიანების დღე შავი ზღვის სანაპიროზე, დამწყები მეზღვაურების ფიცის დადების ცერემონია და, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილებისთვის პატივის მისაგებად, გემების საყვირების ფონზე, გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია - საქართველო მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს მეცამეტედ აღნიშნავს. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისა და ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტებში ჩართვის შემდეგ, გაზრდილია მოთხოვნა მეზღვაურის პროფესიასა და ქართველ მეზღვაურებზე.

ამ დროისთვის, მსოფლიოს 74 სახელმწიფოს დროშით მცურავ გემებზე 18 ათასზე მეტი ქართველი მეზღვაურია დასაქმებული. პროფესიული დღე მეზღვაურებს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა და პირობა მისცა, რომ პირველი ივლისიდან ძალაში შევა კანონი "მეზღვაურთა შრომის შესახებ", რომლის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო უფრო ეფექტურად შეძლებს, დაიცვას სხვადასხვა დროშით მცურავ გემებზე დასაქმებული მეზღვაურების უფლებები.

სადღესასწაულო ფორმებში გამოწყობილი საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის მეზღვაურთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

ფიცის დადებით საპასუხისმგებლო პროფესია 300-ზე მეტმა სტუდენტმა აირჩია. მალე მსოფლიო მეზღვაურთა რიგებსაც შეუერთდებიან. მათი უმრავლესობა აჭარის რეგიონიდანაა.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია, ბათუმის მე-11 ნავმისადგომზე, სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პროფესიული დღე მეზღვაურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. ირაკლი კობახიძემ მეზღვაურებსა და კურსანტებს მადლობა გადაუხადა საქმისადმი ერთგულებისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, ღონისძიებას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლებში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ქვეყნისთვის საზღვაო განათლების, საზღვაო ტრანსპორტის დარგში მოქმედ საერთაშორისო კონვენციასა და მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებლებზე.

საზეიმო ცერემონიაზე, განსაკუთრებული სიმამაცისთვის, საზღვაო პროფესიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს. ფულადი ჯილდო გადაეცა 10 ვეტერან მეზღვაურს, სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კეთილი ნების საზღვაო ელჩებს და შორეული ნაოსნობის კაპიტნებს. დაფინანსება მიიღო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 10-მა წარჩინებულმა სტუდენტმა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს. ტრადიციულად, გემების საყვირების ფონზე, შესრულდა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.

დღის ამბები