25 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა - რა საკითხებზე ისაუბრა ომბუდსმენმა

პარლამენტში, დეპუტატებმა სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშს მოუსმინეს. მოხსენების შემდეგ, დეპუტატებმა ომბუდსმენს კითხვები დაუსვეს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას კითხვა ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას შეეხებოდა.

"თამაზ გინტური მკვლელობასთან დაკავშირებით, თუ აკეთებთ მონიტორინგს", - ჰკითხა თეონა აქუბარდიამ ლევან იოსელიანს.

ომბუდსმენის თქმით, მსგავსი საკითხები ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში განიხილება, სადაც სახალხო დამცველის აპარატი წარმოდგენილი არ არის.

"ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატია, სადაც ქართული მხარე ყოველ ჯერზე სვამს ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც ჩართულნი იყვნენ ჩვენი მოქალაქის მკვლელობის საქმეში. უშუალოდ ამ ფორმატში არ ვმონაწილეობთ, სახალხო დამცველის მანდატი არ ვრცელდება ამ მიმართულებაზე", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის კითხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა.

"მინდა, გამოვეხმაურო თქვენს ანალიზს - პაციენტი იატაკზე არიან მოთავსებულნი, ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას. ამ მიმართულებით, ეს საკითხები, დღევანდელ მოხსენებამდე, დასვით თუ არა სხვა ფორმატში, გქონდათ თუ არა განხილვები", - ჰკითხა ზაზა ლომინაძემ სახალხო დამცველს.

ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნულ დაწესებულებში არსებული მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

"ადამიანების მდგომარეობა, ვინც იქ არიან, არის სავალალო. ამას დაწესებულების დირექტორებიც არ უარყოფენ. ყველა ამბობს, რომ არ აქვთ საკმარისი რესურსი, რათა მართონ ის რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გაიზარდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების რაოდენობა, არის ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, მერაბ ქვარაიას კითხვის პასუხად, პატიმრებსა და ამნისტიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"საქართველო არის ევროპაში პატიმრების რაოდენობით მეორე ადგილზე, თურქეთის შემდეგ. ვფიქრობ ეს მაჩვენებელი არის შესამცირებელი", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები