პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელის განცხადებას ეხამაურება. როგორც მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ევროკავშირთან ურთიერთობებში წინ წაიწიოს და ამის დასტურია ყველაფერი, რაც გაკეთდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში.
"ბორელმა გაიმეორა ისევ ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვისმენთ ევროპელი ლიდერების მხრიდან. არანაირი საფუძველი, საქართველოს ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით ევროინტეგრაციის გზაზე, არ არსებობს იმისა, რომ კითხვის ნიშნები დაისვას.
საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ინტერესს და ყველანაირად ცდილობს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებში წინ წაიწიოს. ამის დასტურია ყველაფერი, რაც კი გაკეთდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, მათ შორის - ასოცირების შეთანხმება, ასევე - კანდიდატის სტატუსისთვის საქართველოს სრული მზადყოფნა, მაშინ როდესაც ეს საკითხი იყო განხილული და ასევე გაგრძელდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც სჭირდება საქართველოს მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, იმისთვის, რომ მშრალად და საფუძვლის გარეშე არ იყოს რაიმე გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც დააზიანებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ხელს მისცემს მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოთამაშეს და ეს არის რუსეთი," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.