ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა ლუქსემბურგში შეკრება დილიდან დაიწყეს. საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მსჯელობა ღაზასა და უკრაინას ეხებოდა, თუმცა დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც იყო. მინისტრებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რა ზომებს გატარებენ, საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მხარდაჭერის შემდეგ. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარი ამბობს, რომ რამდენიმე ვერსიას განიხილავენ.
საკუთარი პოზიციები გამოთქვეს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. მათი ნაწილი ითხოვს, რომ საქართველო ევროკავშირის სამომავლო წევრობა კითხვის ნიშნს ქვეშ არ დადგეს, ნაწილი კი ამ მხრივ დოკუმენტში უფრო მწვავე ჩანაწერის მომხრეა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ყურადღებით აკვირდებიან თბილისში. პარტნიორების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, შეცდომის დაშვება არ უნდა მოხდეს. სახელისუფლებო ძალაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან არ გადაუხვევია ეს მეგობარმა ქვეყნებმაც უნდა დაინახონ და ობიექტურად შეაფასონ.
პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ოპოზიციისთვის ამ ეტაპისთვის ფრთხილია. ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, მიდგომა გამკაცრდება. ხელისუფლების ოპონენტებს მოლოდინი აქვთ, რომ ამერიკის შემდეგ პერსონალური შეზღუდვები ევროკავშირისგანაც დაწესდება.
მმართველ პარტიაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას აუცილებლობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია პოზიციის ჩამოყალიბების დროს, ჯანსაღმა აზრმა გაიმარჯვოს და იმ შედეგებით იხელმძღვანელონ, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში აქვს მიღებული.
ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შეჯერებულ პოზიციებს თავს ერთ დოკუმენტში მოიყრიან და მას ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი წარადგენს.