25 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
სევასტოპოლზე მომხდარი მასობრივი იერიშების შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე ინტენსიური თავდასხმები განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლზე სარაკეტო იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც ადგილობრივების უმრავლესობა ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდა. დაბომბვის შედეგად, დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის - 3 ბავშვი. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი დაიკეტა. ოკუპირებულ ყირიმში გლოვა და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

უკრაინული პრესის ცნობით, იერიშის დროს სევასტოპოლში საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა არ ჩაირთო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კიევმა სევასტოპოლზე დარტყმა აშშ-ის მიერ მიწოდებული "ატაკამს-ის" ხუთი რაკეტით სცადა, რუსმა სამხედროებმა ოთხი მათგანი ჩამოაგდეს, მაგრამ ერთმა, საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგად, ტრაექტორიიდან გადაუხვია და ქალაქის თავზე აფეთქდა. მოსკოვმა იერიშს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და გაეროს საჩივრით მიმართა, ამერიკის ელჩი კი საგარეო უწყებაში ახსნა განმარტებისთვის დაიბარა.

სევასტოპოლზე მომხდარი მასობრივი იერიშების შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე ინტენსიური თავდასხმები განახორციელეს, მათ შორის ხარკოვის მიმართულებით, სადაც დაბომბვას მსხვერპლი და ნგრევა მოყვა. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მასობრივი სარაკეტო იერიშების გამო, ელექტროშეზღუდვა ვრცელდება უკრაინის სხვა რეგიონებზეც.

რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ოდესას, დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. არის მსხვერპლი. გაჩნდა ხანძარი. თავდასხმების ფონზე, უკრაინის მთავრობა მოლოდინშია, რომ ევროკავშირის წევრობის საკითხზე ევროპული გაერთიანება მოლაპარაკებებს გახსნის.

რუსულმა ძალებმა დაბომბეს დონეცკის ოლქის ქალაქი სელი-დოვე - დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის - 2 მცირეწლოვანი. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც. ათობით კერძო სახლი და რამდენიმე კორპუსი დაზიანდა კიევის გარეუბანში დრონების ჩამოგდების შედეგად, არიან დაშავებულებიც.

დღის ამბები