გეგმაზომიერად, ღირსებით და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დაცვით, ჩვენი კონსტიტუციის, ჩვენ მიერვე ჩაწერილი ნორმის დაცვით უნდა გავაგრძელოთ სწორი სვლა ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ის, რაც მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, ის, რაც ათწლეულებია, მუშაობს აშშ-ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული.
"ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.ამას უნდა ველოდოთ. დღეს, ხვალ, ზეგ რა განცხადებას გააკეთებენ საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონები, მათ შორის არსებული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელი რგოლების წარმომადგენლები, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. შედარებით, რა თქმა უნდა, ვინმეს როლი რომ არ დავაკნინოთ, თუმცა ჩვენ გეგმაზომიერად, ღირსებით და ნამდვილად ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დაცვით, ჩვენი კონსტიტუციის, ჩვენ მიერვე ჩაწერილი ნორმის დაცვით უნდა გავაგრძელოთ სწორი სვლა ევროკავშირისკენ.
რაც უნდა კრიტიკული იყოს დღეს ვინმე, თან იმის გამო, რომ საქართველომ გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ისევე როგორც კანადამ ბოლო დღეებში, ისევე როგორც საფრანგეთმა რამდენიმე კვირით ადრე, ამის გამო ვერავინ უნდა იფიქროს ვინმეს დასჯა. რომელიმე თქვენგან გახსენდებათ კანადაში აქციები "არა რუსულ კანონს" და ვერ გახდება კანადა რუსეთის უკანა ეზოო? ასეთ რამ გახსენდებათ? რატომ არ გააშუქეთ არცერთმა არხმა, ან საფრანგეთში ასეთი აქციები რატომ არ გააშუქეთ? იმიტომ, რომ არ ყოფილა. არავის მოფიქრებია აზრად, გაცილებით მკაცრი, ანალოგიური სფეროს რეგულირების კანონი რუსულად მოენათლა. საქართველოში გახდა მარტო ეს "რუსული" და საქართველოში სცადეს რუსულად მონათვლა. რაც კი საქართველოს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს შეეხება ამ ბოლო დროს, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ამით უნდათ, რომ ჩახსნან საქართველოში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომ დააკომპლექსონ ხელისუფლება, დააკომპლექსონ მისი ამომრჩეველი, არა მხოლოდ ხელისუფლება, რომ თუ შენ გაბედავ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებ, ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას მათი ტელევიზიები, მათი პოლიტიკოსები, მათი წარმომადგენლები, აქტივისტები დაუძახებენ რუსულს და ამ კომპლექსით გავლენ ფონს. ასე არ არის. ის, რაც მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, ის, რაც ათწლეულებია, მუშაობს აშშ-ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული და გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს. ამის გამო ჩვენ კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.