25 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
სანადირო თოფით მოკლული ცოლი და სიდედრი - "კურიერი P.S.-მა" მკვლელობის შემდეგ ფირაშვილის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი მოიპოვა

უვადო პატიმრობა ელის კაცს, რომელმაც ცოლი და სიდედრი, ექვსი თვის ჩვილის თანდასწრებით მოკლა. საზარელი მკვლელობა რუსთავის ცენტრში მოხდა. კლინიკაში პედიატრთან მისული ცოლი და ცოლის დედა 27 წლის გიორგი ფირაშვილმა სანადირო თოფიდან ხუთი გასროლით დახოცა. გულ-მკერდში მიყენებული ჭრილობებით, დედა-შვილი ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებული დუმს, თუმცა "კურიერი P.S.-მა" მკვლელობის შემდეგ ფირაშვილის 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი მოიპოვა. ის ადგილზე პოლიციის მისვლას ითხოვს და აღიარებს, რომ დანაშაული მან ჩაიდინა. მოკლული დედა-შვილის ოჯახი უმკაცრეს სასჯელს ელოდება. უმძიმესი საქმის განხილვას რუსთავის სასამართლო რამდენიმე კვირაში დაიწყებს.  

112-ის ოპერატორს ოპერატორს ეგონა, რომ რიგითი თვითმხილველი ყავს ხაზზე, თუმცა რამდენიმე წამში არკვევს, რომ უშუალოდ მკვლელს ესაუბრება - 22 მაისის დილას, ვიდრე ამ შოკისმომგვრელ დანაშაულს ჩაიდენდა 27 წლის გიორგი ფირაშვილი მეუღლესთან და სიდედრთან ერთად კლინიკაში თავადაც იყო მისული. მიზეზი მათი 6 თვის შვილისთვის კვლევების ჩატარება იყო. ეს დასტურდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით. კადრებში ჩანს ფირაშვილიც და ორივე მსხვერპლი - მეუღლე მარიამ სოფრომაძე და სიდედრი - ინგა ბეგაშვილი.

სანადირო თოფი, რომლითაც მკვლელობა მოხდა, გამოძიების ინფორმაციით, ფირაშვილს მანქანაში წინასწარ ჰქონდა მომზადებული. საავადმყოფოს შენობიდან გამოსულ მეუღლესა და სიდედრს ის უკან გაჰყვა, სკვერის ტერიტორიაზე მიუახლოვდა და 5-ჯერ გაისროლა. ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის მომენტში რისკის ქვეშ იყო 6 თვის ბავშვიც.

დაკავების დღიდან, გიორგი ფირაშვილი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა საქმეში არაერთი მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენებაა, რომელიც ამ მძიმე დანაშაულის ოფიციალური ვერსიისა და მოტივის დადგენის საფუძველი გახდა.

ძალადობის ფაქტების შესახებ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, თუმცა მსხვერპლის - 20 წლის მარიამის პოზიციიდან გამომდინარე არავის არ მიმართეს. ჩვენებებიდან ირკვევა, რომ წყვილის დაშორებისა და ახალგაზრდა ქალის მშობლების სახლში დაბრუნების მიზეზი, მკვლელობამდე 2 თვით ადრე, მომხდარი კონფლიქტი გახდა, რა დროსაც გიორგი ფირაშვილმა მეუღლის დახრჩობა სცადა.

მოკლულის დეიდაშვილების ჩვენებებში მონათხრობია, რომ, ფიზიკურ ძალადობამდე, იყო მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხი, შეზღუდვები, აკრძალვები და ჩაგვრა.

მოკლული მარიამ სოფრომაძის უახლოესი ნათესავების გარდა, ძალადობის ფაქტებს ადასტურებს მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ფირაშვილის დედა. ქეთევან სუჯაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ დახრჩობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა როგორც მისი შვილისგან, ასევე - რძლისგან. ქეთევან სუჯაშვილს აქვს საკუთარი ვერსიაც, თუ რამ განაპირობა მისი შვილის ძალადობრივი ხასიათის ჩამოყალიბება და რამ უბიძგა ამ დანაშაულისკენ. ის მიანიშნებს თავისი შვილის მამაზე - საკუთარ მეუღლეზე, რომლისგანაც, ქალის მონათხრობით, თავადაც წლების განმავლობაში განიცდიდა ჩაგვრას.

გიორგი ფირაშვილის მამის ფაქტორს ჩვენებებში ხაზს უსვამენ მარიამ სოფრომაძის ახლო ნათესავებიც. ასევე ადასტურებენ ინფორმაციას, რომ კობა ფირაშვილი ახალგაზრდა ქალს შვილის წართმევით დაემუქრა.

მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ფირაშვილს, ადვოკატის ინფორმაციით, ამჟამად ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ. პროკურორის პოზიციაა, რომ მკვლელობის ჩადენის დროს სრულიად ადეკვატური იყო, განზრახ მოქმედებდა და უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. ბავშვზე, რომელიც ახლა 7 თვის არის, მეურვეობა მოკლული მარიამ სოფრომაძის და-ძმებმა აიღეს, თუმცა, ამ უფლების მოსაპოვებლად, ფირაშვილის ოჯახის წევრები დავას აწარმოებენ.

მარიამ სოფრომაძისა და ინგა ბეგაშვილის მკვლელობის შემდეგ, მათ ახლობლებს დამდგარ მძიმე შედეგთან შეგუება უჭირთ. ამასთან, აქვთ სინანულის გრძნობა, რომ მკვლელობამდე მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ იცოდნენ, თუმცა არ გაახმაურეს და რეაგირების გარეშე დარჩა. ჩვენებებში ამბობენ, რომ ახლა დუმილს ნანობენ, თუმცა, სამწუხაროდ, გვიანია.

დღის ამბები