25 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
როდის აღდგება წყალმომარაგება სრულად და ვინ არის პასუხისმგებელი 100 000 აბონენტის უწყლოდ დატოვებაზე - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

თბილისში ბოლო ერთი კვირაა, ალბათ ყველაზე ხშირად დაისვა კითხვაა "როდის მოვა წყალი?". თბილისის, მცხეთისა და რუსთავის უწყვეტ წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია". 16 ივნისს კი, წიწამურთან, არაგვის ხეობაში ის მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა, რომლითაც "ჯივიპი" სასმელ წყალს თბილისსა და მცხეთას აწვდის.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მილი დროთა განმავლობაში, "ჯივიპისგან" დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დაყრილი მიწით შექმნილმა ხელოვნურმა ფერდობმა დააზიანა. ძლიერი წვიმის გამო, ფერდი ჩამოიშალა და თან ჩაიტანა მაგისტრალიც. გაწმენდითი სამუშოები ამ დრომდე მიმდინარეობს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ თბილისს წყალმომარაგება სრულად 2 დღეში აღუდგება.

ვინაა პასუხისმგებელი ცენტრალური წყალსადენის დაზიანებაზე? ვინ იცოდა ამის შესახებ და ყურადღება არ მიაქცია? - პასუხგაუცემელი კითხვა ბევრია!

110 000 აბონენტს პრობლემები 16 ივნისიდან შეექმნა - თბილისი უწყლოდ დარჩა. პრობლემის აღმოფხვრა იმავე დღეს დაიწყო, მიზეზიც მაშინვე გაირკვა - მილი წლობით დაყრილი ნაგვით შექმნილმა ხელოვნურმა ფერდობმა დააზიანა. ძლიერი წვიმის გამო კი, ფერდი ჩამოიშალა.

ვინ ყრიდა სამშენებლო ნარჩენებს წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე? ფაქტს, ორი მუხლით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე იკვლევს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით და, უკანონო ქმედებით, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.

"კურიერი P.S.-ს" გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაუდასტურეს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა, დაჯარიმდა ორივე ფიზიკური პირი.

წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგს პრობლემის აღმოჩენის პირველივე დღიდან უწევს სემეკი. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ფარულ ინფრასტრუქტურას მონიტორინგი სპეციფიკური საკითხია, კითხვებს კი პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

სანამ გამოძიება ე.წ. მესამე პირის ვინაობას ადგენს, ავარიის ადგილზე სპეციალური ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ წყლის სრულად აღდგენა 25 ივნისისთვის მოხდება.

არაგვის ხეობაში მაგისტრალური მილსადენის ნაწილი, ნატახტრის სათავე ნაგებობიდან მარაგდება, შემდეგ კი მოსახლეობის ონკანებში ხვდება. დაზიანების გამო, ქალაქის წყალმომარაგების სისტემა საგანგებო რეჟიმში ამუშავდა, მიწოდებული წყლის კონტროლი კი ლაბორატორიაში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ვისაც დღის კონკრეტულ მონაკვეთში უმართლებს და მათი ონკანებიდან წლის ხმა ისმის, კომპანიაში განმარტავენ, რომ წლის ხარისხი ეროვნული რეგლამენტის სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

მას შემდეგ, რაც თბილისის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდებაზე პრობლემები შეექმნა, საკითხით მერიაც დაინტერესდა. გაიმართა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთანაც.

წიწამურთან მდებარე ცენტრალური წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. წყალმომარაგების კომპანია პირობას დებს, რომ უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის პრობლემა, სამშაბათიდან, სრულად აღმოიფხვრება.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები