25 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა რუსეთის სამხედრო მოკავშირე გახდა - პუტინის აზიური ტურნეს შედეგი

ორ ქვეყანასთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული შეთანხმება და სამხედრო მხარდაჭერის ხელშეკრულება - აზიაში პუტინის ოთხდღიანმა ტურნემ მსოფლიოში უსაფრთხოების სისტემა შეარყია. 

კრემლის ლიდერი ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამს საკუთარ ბირთვულ და სატელიტურ ტექნოლოგიებს უზიარებს. პუტინი აღმოსავლეთიდან დასავლეთის გასაგონად ამბობს, რომ საკუთარი ატომური დოქტრინის გადახედვას გეგმავს. 

ამის ფონზე, ნატოში აცხადებენ, რომ მსოფლიოში უშიშროების სისტემა საფრთხეშია.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პუტინთან სტრატეგიული ურთიერთობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ქვეყნებს შორის გაფორმებული დოკუმენტით ჩრდილოეთ კორეა რუსეთის სამხედრო მოკავშირე გახდა. უმცროსმა კიმმა და პუტინმა განმარტეს, რომ მესამე სახელმწიფოსთან შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, ფხენიანიც და მოსკოვიც ერთმანეთის მოკავშირეობას კონფლიქტში ჩაბმით დაადასტურებენ.

კიმ ჩენ ინმა პუტინს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ცნობილია, რომ ფხენიანმა ოკუპანტ სახელმწიფოს კიევზე თავდასხმისთვის სამ მილიონამდე საარტილერიო ჭურვი გადასცა. ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის ბალისტიკურ რაკეტებსაც აწარმოებს. სამხედრო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პუტინმა კიმთან ერთობლივი პრესკონფერენცია დასავლეთისთვის მუქარის გასაჟღერებლად გამოიყენა.

ფხენიანში პუტინის ვიზიტს დასავლეთში შეფასებები მოჰყვა. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი გლობალური უსაფრთხოების სისტემისთვის გამოწვევას წარმოადგენს. მისი თქმით, რუსეთი ავტორიტარულ ქვეყნებზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება.

სტოლტენბერგს ისიც ჰკითხეს, როგორ იმოქმედებს დასავლეთი ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ნატოს გენერალური მდივანი განმარტავს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ყველა შესაძლო სანქციების მექანიზმი გამოიყენება. პრობლემა ისაა, რომ რუსეთი ამ სანქციებს არღვევს.

სანქციებზე საუბრობდნენ დღეს სამხრეთ კორეაშიც, სადაც ფხენიანის და მოსკოვის ხელშეკრულებას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამენ. მოსკოვსა და ფხენიანს გაეროს წესდების დარღვევაში ადანაშაულებენ და საერთაშორისო საზოგადოებას ორივე ქვეყნის მიმართ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. სეულში დღეს რუსეთის ელჩი ახსნა განმარტებისთვის დაიბარეს. სეული ამაზე არ ჩერდება და უკრაინისთვის საკუთარი მაღალტექნოლოგიური იარაღის გადაცემას გეგმავს. პუტინი ამის გამო დღეს სეულს ჰანოიდან ემუქრებოდა. მოკავშირეებთან ერთად პუტინის ვიზიტთან დაკავშირებული აღშფოთება თეთრ სახლშიც გამოთქვეს.

იარაღით ვაჭრობაზე, ბირთვული იარაღის პროგრამებზე და სამხედრო ეკონომიკაზე სასაუბროდ პუტინი ფხენიანის შემდეგ ვიეტნამში ჩავიდა, სადაც კომუნისტური ქვეყნის ოთხ ლიდერთან მოლაპარაკებების შემდეგ, სტრატეგიული ურთიერთობის ხელშეკრულება გააფორმა. პუტინმა ჰანოიშიც დასავლეთის მიმართ მუქარა გააჟღერა. ვიეტნამის პრეზიდენტი ტო ლამა პუტინს დაჰპირდა, არც ერთ სახელმწიფოსთან იმგვარ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, რომელიც რუსეთს დააზარალებს.

რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კი ვიეტნამს საშუალებას აძლევს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთთან ტერიტორიული პრეტენზიების გამო შექმნილი მწვავე ურთიერთობები დააბალანსოს.

დღის ამბები