ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, საკუთარი იარაღით რუსეთში სამხედრო ობიექტებზე იერიშების განხორციელების ნებართვა მისცა. შტატების ამ გადაწყვეტილებამდე კიევს ვაშინგტონიდან მიღებული იარაღით მხოლოდ ზაპოროჟიეს და ხარკოვის მოსაზღვრე ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების ნებართვა ჰქონდა. პენტაგონში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ინტერვენციას შეაფერხებს.
ვაშინგტონს ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი მუქარით პასუხობს. პუტინი ამბობს, რომ უკრაინის მოკავშირეები კიევისთვის დასავლური იარაღით რუსეთზე იერიშების განხორციელების ნებართვის მიცემით საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევენ, საპასუხოდ კრემლი საკუთარ ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებებს შეიტანს.
რუსული აგრესიის შეკავებას უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე ცდილობენ. უკრაინის ძალებმა ხარკოვის ოლქში სიტუაციის სტაბილიზება შეძლეს. ქვეყნის გენშტაბის მონაცემებით, ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის საცეცხლე პოზიციების აღმოჩენის და განადგურების ოპერაციას ატარებენ. ამის მიუხედავად შეტაკებები ფრონტზე ყველა მიმართულებით არ წყდება.
ფრონტის ხაზზე შექმნილი რთული ვითარების გამო, უკრაინის მთავრობამ საგანგებო ზომად ჯარში მობილიზაციის შესახებ ახალი კანონი აამოქმედა. მამაკაცებს 25 წლიდან სავალდებულო წესით სამხედრო სამსახური დაევალათ. ზოგიერთი წვევამდელი მობილიზაციას თავს არიდებს და უკრაინიდან გაქცევას ცდილობს. დეზერტირებს პოლონეთის, მოლდოვის და რუმინეთის საზღვარზე იჭერენ. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის საზღვრის გადაკვეთისას ორმოცამდე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის კი საკონსულოებში პასპორტების გაცემაა შეწყვეტილი. უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით წვევამდელი ასაკის მამაკაცები საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაშიც კი კომისარიატში სავალდებულო წესით უნდა დარეგისტრირდნენ. BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების დეფიციტია. ახალი კანონის მიხედვით გაწვევის პროცესში კომისარიატების გარდა, მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილება სპეციალურად შექმნილ რეკრუტირების სააგენტოებს და თავდაცვის უწყებებს აქვთ. რუმინეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყნის საზღვარი ომის დაწყებიდან დღემდე, 11 000-ათასმა დეზერტირმა გადაკვეთა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.