მატჩის ყველაზე დრამატული მომენტი ბოლო წამებზე, ერთ დარტყმას შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეეძლო, თუმცა ლობჟანიძეს არ გაუმართლა. საქართველოს ნაკრები ფრეს და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ პირველ ქულას დასჯერდა.
სწორედ ეს ბოლო წამები იყო ყველაზე ემოციური გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც რთული მატჩის ბოლოს მიღებული შანსის ხელიდან გაშვება განსაკუთრებულად განიცადეს.
ქომაგებს, რომლებიც ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ასევე რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში ზუგდიდში და ქვეყნის სხვა ქალაქებში შეიკრიბნენ, დღეს კონტრასტული შეგრძნებების და ნერვების ნამდვილი ომის გადატანა მოუწიათ.
გულშემატკივრებში განსაკუთრებული სიამაყის შეგრძნებას იწვევდა თითოეული ეპიზოდი, რომელიც დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა გიორგი მამარდაშვილმა შექმნა.
საქართველოს ნაკრების მეკარემ კარი გოლისგან 10-ჯერ იხსნა. გარდა მოგერიებული ბურთებისა, ჩეხების მუდმივი შეტევების ფონზე, მას თამაშში ჩართვა ხშირად უწევდა.
პირველ ტაიმში გაშვებული და მსაჯის გადაწყვეტილებით გაუქმებული გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მიიღო შანსი, როდესაც მეტოქის კარში 11 მეტრიანი დაინიშნა. ყველა გულშემატკივარი სუნთქვაშეკრული ელოდებოდა როდის დაარტყამდა პენალტს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ამოცანა იდეალურად შეასრულა, საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა და მიმდინარე ჩემპიონატზე გატანილი მეორე გოლით ბომბარდირთა რეიტინგის სამეულში შევიდა.
ამ გოლს განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა ყველა მოედანზე, სადაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები დიდ ეკრანებთან იყვნენ შეკრებილი. გოლი განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა "რუსთავი 2-ის" ეზოშიც, სადაც საქართველოს ნაკრების მატჩების ერთად გულშემატკივრობა ტრადიციად ყალიბდება.
პირველი ტაიმის მოგების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ჩეხეთის ნაკრები, რომელსაც წაგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ დარჩებოდა, მთელი ძალებით გადმოვიდოდა შეტევაზე. ეს მოლოდინი გამართლდა და მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელებს თავის დაცვა დიდი ძალისხმევის ხარჯზე უწევდათ. ამ წნეხმა შედეგი 59 წუთზე გამოიღო, როდესაც ჩეხეთის ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა.
1-1 საქართველოს დაჩეხების ნაკრებებმა დაძაბული და დამღლელი მატჩის შედეგად თითო ქულა გაინაწილეს. ძალების აღდგენისთვის როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივრებს დრო 26 ივნისამდე აქვთ. სწორედ ამ დღეს გაირკვევა არის თუ არა ზღაპრის ბოლო კეთილი და შეძლებს თუ არა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპიდან ფლეიოფში გასვლას. ქართველი ფეხბურთელების წარმატების გზა ახლა პორტუგალიის დამარცხებაზე გადის.