ათასობით ქართველი გერმანიაში და ქართული ხმა ჰამბურგის ქუჩებში. გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქში დღეს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ შეკრება დილიდან დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებმა შტელინგერის სადგურზე შეკრება 12 საათიდან დაიწყეს. ქართველი ქომაგებისთვის წინასწარ შერჩეულ ადგილას უწყვეტად ისმოდა საქართველოს ჰიმნი და ფრიალებდა ხუთჯვრიანი დროშა.
სადგურიდან ქართველმა გულშემატკივრებმა სტადიონისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. ქომაგების საზეიმო შეძახილები ჰამბურგის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში ისმოდა.
გულშემატკივრების დიდი რაოდენობის გამო, ქალაქის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა.
ჰამბურგის ქუჩებში ქართველი გულშემატკივრების მსვლელობის კადრები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.
საზეიმო განწყობით ქართველმა ქომაგებმა რამდენიმე კილომეტრი გაიარეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობა უკვე ჰამბურგის სტადიონზე განაგრძეს.