პრეზიდენტის მიმართვას გერმანიაში შეკრებილი საქართველოს ელჩების მიმართ, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ დიპლომატების პოზიციები ქვეყნის საგარეო ვექტორის დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მოწოდება არის, რომ მათ დატოვონ საჯარო სამსახურები. მე ვფიქრობ, რომ მათი პოზიციები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ ქვეყნის საგარეო ვექტორი იქნას დაცული "ქართული ოცნების" ხელისუფლების კურსის ცვლისგან. ელჩების კომუნიკაცია მთავრობასთან არის მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბერლინში, მიუხედავად იმისა, რომ ელჩებს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ, იქნებოდა ეს კითხვები ისევე როგორც პოზიციების დაფიქსირება, იმიტომ რომ შეუძლებელია დიპლომატიურ სამსახურში ამდენი წლის მანძილზე შრომობდე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, ხედავდე "ქართულ ოცნებას" როგორ ხურავს კარებს ევროპისკენ და ამაზე არ გქონდეს პოზიცია ან კითხვა," - განაცხადა თეონა აქუბარდია.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დიპლომატებმა, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და არჩევანი გააკეთონ, თუმცა კონკრეტულად რა ქმედებას სთავაზობს პრეზიდენტი დიპლომატებს, სალომე ზურაბიშვილი ვრცელ მიმართვაში არ წერია.