25 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
სექსუალური ექსპლუატაციის საქმე - დანაშაულებრივი დაჯგუფება შშმ პირს სხვადასხვა მამაკაცთან სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა

დანაშაულებრივი დაჯგუფება შშმ პირს სხვადასხვა მამაკაცთან სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა - გამოძიების მიერ გავრცელებული ფარული სატელეფონო საუბარი ახალგაზრდა ქალის სექსუალურ ექსპლუატაციას ასახავს. ირკვევა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება, ფულის სანაცვლოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სხვადასხვა მამაკაცთან სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა. ჩანაწერებში ისმის კლიენტებთან საუბარი.

ტრეფიკინგის საქმის მთავარი ფიგურანტი მურმან ელიკაშვილია. "კურიერს" თბილისში მისი საცხოვრებელი სახლი დაკეტილი დახვდა. მამაკაცი მისამართზე მარტო ცხოვრობდა.

მეზობლების ნაწილმა მურამ ელიკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია "კურიერისგან" შეიტყო, ნაწილი კი ადასტურებს, რომ მამაკაცი პოლიციამ წაიყვანა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

გამოძიებით ირკვევა, რომ 25 წლის ქალს სექსუალური მომსახურების გაწევას სხვადასხვა მეთოდით აიძულებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კლიენტებთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდნენ, რის შემდეგაც შშმ პირს მათთვის სექსუალური მომსახურების გაწევას სთხოვდნენ. საქმეში, მურმან ელიკაშვილთან ერთად, ბრალდებულის სახით, ფიგურირებს კიდევ ორი ქალი, რომლებიც ტრეფიკინგით ნაშოვნ ფულს ერთმანეთში ინაწილებდნენ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

სექსუალური ექსპლუატაციის საქმეზე დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ტრეფიკინგში ბრალდებულ სამ პირს 12-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კიდევ ერთ პირს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობაზე დააკავეს, ციხეში, სავარაუდოდ, 7 წლის გატარება მოუწევს.

დღის ამბები