25 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
ჩინეთის საელჩო რობინ დანიგანს აკრიტიკებს - ეწინააღმდეგება თუ არა სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის ხედვას დანიგანის განცხადებები

ჩინეთის საელჩო რობინ დანიგანს საკუთარი განცხადებების გამო აკრიტიკებს. ამერიკელმა დიპლომატმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ იმ ჩინური კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელიც ანაკლიის პორტის ინვესტორი ხდება - ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ეს პარტია კი რუსეთის არმიას აფინანსებს. ჩინეთის საელჩო განცხადებებს გმობს და ამბობს, რომ ის ფაქტებს არ შეესაბამება.

ორმაგ სტანდარტზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძეს კითხვა, ბერლინში ვიზიტის დროს, ქართველმა ჟურნალისტებმა დაუსვეს. პრემიერი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებაზე აკეთებს აქცენტს და განმარტავს, რომ არაა სამართლიანი საქართველოს კრიტიკა პეკინთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გამო, მაშინ, როცა ჩინეთი შტატების ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

ოპოზიციის ნაწილი კი ჩინეთისა და რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებზე აკეთებს აქცენტს, რომლებიც, მათი შეფასებით, ერთმანეთს ემთხვევა. ნაწილისთვის მიუღებელია ჩინეთის საელჩოს პოზიცია.

ამ თემაზე განცხადება ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა "ხალხის ძალამ". პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ამერიკა ჩინეთთან ყოველწლიურად ნახევარი ტრილიონი დოლარით ვაჭრობს. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირიც. უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ, ამ ფონზე, პარტნიორი ქვეყნის მიდგომა თანასწორი არ არის.

ჩინეთის საელჩოს განცხადება დღის პირველ ნახევარში გავრცელდა. ამერიკის ელჩი ჩინელი კოლეგის კრიტიკას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

დღის ამბები