ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ვერ აცნობიერებს, ჩაიდინა თუ არა დანაშაული.
"დღეს სახეზე გვაქვს არა ჩადენილი დანაშაული მტკიცებით ფორმაში, არამედ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რაც საკმარისი იყო პირის პასუხისგებაში მისაცემად ბრალდებული სახით, ასევე, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის, რაზეც სასამართლომ იმსჯელა, თუმცა მისი დანაშაულისა თუ უდანაშაულობის დასამტკიცებლად წინ მთელი სასამართლო პროცესი გველის," - აცხადებს ადვოკატი გიგი სვანიძე.
30 წლის მამაკაცი, რომელსაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, დუმილის უფლებით სარგებლობს. გამოძიების ინფორმაციით, მან 6 მაისს ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ განაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოს შემდეგ, საქმის პროკურორმაც ისაუბრა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ მოხდა აღნიშნული პიროვნების დაკავება, რომელმაც 2024 წლის 6 მაისს 122-ზე განახორციელა სატელეფონო ზარი და შეატყობინა, რომ ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იყო ბომბი. მიუხედავად შემოწმებისა, ბომბი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მის მიერ განხორციელდა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოხდა აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობა, სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა,"- აცხადებს საქმის პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი.