25 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის" საკომიტეტო მოსმენა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა - განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩის" წევრი დაესწრო

19 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, ოპონენტების ბოიკოტის ფონზე განიხილეს. კოლეგებისგან გამიჯნული "გირჩი" და დეპუტატი მეგრელიშვილი აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ მომხსენებლის გამოსვლას დაესწრო და დარბაზი კითხვის დასმის შემდეგ დატოვა.

კანონპროექტის ძირითად მიზნებზე დღეს ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 1 ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს და ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას. დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილზე შეკითხვები დღეს უმრავლესობაში ჰქონდათ.

4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის პოზიციებს მოჰყვა. სხდომის ხელმძღვანელმა, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტის განცხადებები პოლიტიკურად მიიჩნია, რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ კი სიტყვა ჩამოართვა.

საკანონმდებლო პაკეტი, 4-მა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, ოპოზიციის გარეშე მიიღო. დეპუტატების დიდი ნაწილი დღეს, საკანონმდებლო ორგანოშიც არ გამოჩენილა. ცვლილებებზე ოპოზიციამ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ისაუბრა.

საკანონმდებლო პაკეტი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე განიხილეს იურიდიულ კომიტეტზეც. უმრავლესობის დეპუტატებმა, ოპონენტები ამომრჩევლის ღალატში ჯერ სხდომაზე დაადანაშაულეს, მოგვიანებით კი სხდომათა დარბაზს გარეთ.

საკომიტეტო მოსმენები დასრულებულია. "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, საკანონმდებლო პაკეტს" პარლამენტი, 1 მოსმენით, მომავალ კვირას მიიღებს.

დღის ამბები