გერმანიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, ამ დრომდე რჩებიან საქართველოს გულშემატკივრები. "რუსთავი 2-ის" დილის გადაცემის წამყვანი ლიკა კვარაცხელიაა ერთ-ერთი, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს ადგილიდან გულშემატკივრობს. მისი თქმით, ანგარიშის მიუხედავად, ქართველი გულშემატკივრები სტადიონიდან დამარცხებულები არ წამოსულან, რისთვისაც ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის.
"სულ ვფიქრობდი - როდის დადგება ის დრო, როცა ქართველი ქომაგი ბოლო წამამდე დარჩება მოედანზე და, ანგარიშის მიუხედავად, მაინც თავს დაუკრავს ჩვენს ნაკრებს და მაინც თავაწეული წამოვა სტადიონიდან და ზუსტად ასე მოხდა გუშინ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს ამისთვის. ანგარიშის მიუხედავად, დამარცხებულები არ წამოვსულვართ სტადიონიდან... ქალაქის ცენტრში არის ფან-ზონა, სადაც დიდ ეკრანებზე გადის ყველა თამაში, მაგრამ ამ მოედანზე, გუშინ, ძეგლსაც კი საქართველოს დროშა შემოახვიეს. ყველგან საქართველოს დროშები ფრიალებდა", - განაცხადა ლიკა კვარაცხელიამ "ღამის კურიერთან" საუბრის დროს.
მისივე თქმით, ნეიტრალური მაყურებელიც დადებითად აფასებს ქართველი ნაკრების თავგანწირვას.
"ყველამ დააფასა ის, თუ როგორ იბრძოდნენ ბიჭები მოედანზე, ყველანაირი დაძაბულობის მიუხედავად. დარწმუნებული ვარ, ბიჭებისთვისაც ძალიან ემოციური იყო პირველი ნაბიჯები. პირველი გამოსვლა იყო ძალიან ემოციური, საქართველოს დროშა რომ აფრიალდა, ჰიმნი რომ აჟღერდა", - განაცხადა ლიკა კვარაცხელიამ.