25 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა - "კურიერმა" დაზარალებულის ჩვენება მოიპოვა

ნაიჯელ ენდრიუ ქონერსმა სამართალდამცველებს დეტალურად მოუყვა, როგორ გახდა თაღლითური სქემის მსხვერპლი. დაზარალებული იხსენებს, როდის და რა რაოდენობის თანხა გადაურიცხა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს. ახალგაზრდა მამაკაცის ჩვენება "კურიერმა" მოიპოვა. დოკუმენტში წერია, რომ ქონერსმა რამდენიმე ათეულ ათასი დოლარი დაკარგა და რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ნაიჯელ ენდრიუ ქონერსის ჩვენება ქართველი სამართალდამცველებისთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდა, რათა დანაშაულებრივი სქემა გაეშიფრათ. საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

კიბერთაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქისა და ორი იურიდიული პირის მიმართ მიმდინარეობს. ირკვევა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ურეკავდნენ, თავს საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელს აცნობდნენ, შედიოდნენ ნდობაში და არწმუნებდნენ, რომ ამერიკაში, ერთ-ერთ საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციები ეყიდათ. ვინც შეთავაზებას დათანხმდებოდა, სოლიდურ თანხას საქართველოში არიცხვინებდნენ. უკანონოდ მიღებული თანხის ლეგალიზებისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში ორი კომპანია, ფიქტიურად დააფუძნეს.

წინასწარ შემუშავებული სქემით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ 150 000 დოლარს. პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ირკვევა, რომ საქართველოში შექმნილ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები, მოგვიანებით, საზღვარგარეთ გადარიცხეს.

ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ადვოკატი იცავთ. ინტერესების დამცველი საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უკვე გაეცნო, თუმცა "კურიერთან" ამბობს, რომ დაცვის ქვეშ მყოფებთან კონტაქტი ამ დრომდე არ ჰქონია. საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაში საქართველოს პროკურატურას დახმარება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა სთხოვა. ამ მიმართვის საფუძველზე, ქართველმა სამართალდამცველებმა არაერთი საგამოძიებო მოქმედება უკვე ჩაატარეს. გამოძიება გრძელდება.


ავტორი: აკო ნაზღაიძე

დღის ამბები