25 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
ბრიუსელს ბირთვული შეიარაღების ძალები საგანგებო მოლოდინის რეჟიმზე გადაჰყავს - რატომ მიიღო ნატოს გენერალურმა მდივანმა ეს გადაწყვეტილება და რა საფრთხეზე საუბრობს სტოლტენბერგი

"ნატო" ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში მოყვანაზე მსჯელობს. ალიანსი ბირთვული ქობინების საწყობიდან გამშვებ პუნქტებში ტრანსპორტირების ოპერაციას იწყებს. "ნატო-ში" ამბობენ, რომ მასობრივი განადგურების იარაღი საგანგებო მოლოდინის რეჟიმში იქნება გადაყვანილი. სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული ბირთვული იარაღით მუქარის რიტორიკის ნაწილია.

რუსეთის მოკავშირე ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი სახელმწიფო არ არის, საიდანაც ნატო საფრთხეს ხედავს. ალიანსის კრიტიკის სამიზნე, ფხენიანთან ერთად, პეკინი გახდა. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩინეთი საკუთარი ატომური იარაღის არსენალს აფართოებს და უკრაინაში დასავლეთის მარცხს ელოდება.

სტოლტენბერგი განმარტავს, რომ "ნატო-ს" ბირთვული იარაღი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში მოყვანა პუტინის მუქარამ გამოიწვია. ანალიტიკოსების განცხადებით კი, დიდია იმის ალბათობა, რომ პუტინმა, უკრაინაში მარცხის შემთხვევაში, ატომური იარაღი გამოიყენოს. ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს არც უკრაინის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ლიტვინენკო.

მსოფლიოში გაზრდილი ბირთვული საფრთხის ფონზე ატომური იარაღის გაუქმების საერთაშორისო ორგანიზაციამ მსოფლიოს ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, ისრაელი, პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა საკუთარ ბირთვულ პოტენციალს ზრდიან.

2023 წელს, ბირთვულ პროგრამაზე 9 ქვეყნის დანახარჯი 91 მილიარდ დოლარს აჭარბებს. აქედან ყველაზე მეტი - 51 მილიარდი შეერთებულ შტატებზე მოდის, ჩინეთმა 12, რუსეთმა კი 8 მილიარდი დახარჯეს.

იმაზე, რომ მსოფლიოში უშიშროების მთავარ გამოწვევა ატომური იარაღის გამოყენების საფრთხეა, საუბრობენ სტოქჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტშიც. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დაპირისპირების შემთხვევაში, სახელმწიფოებს 12 ათასზე მეტი ბირთვული ქობინით აღჭურვილი რაკეტის გაშვება შეუძლიათ.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები