25 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
აშშ ვიზაზე უარს საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს ეუბნება

172-ე ადგილი 204 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის - საქართველოს მოსახლეობა შეერთებული შტატების ვიზას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით იღებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მონაცემებით, ყოველ მეორე ქართველს შტატები ვიზაზე უარს ეუბნება. ამ კუთხით, საქართველოზე გაცილებით პოზიტიური მაჩვენებელი აქვს რუსეთს, ბელორუსს, სირიას, მოზამბიკსა და ავღანეთსაც კი. ამერიკა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის უფლებაზე უარს საქართველოდან მსურველების თითქმის 50 პროცენტს ეუბნება. სახელისუფლებო გუნდში ამ სტატისტიკას დამამცირებელს უწოდებენ. ამბობენ, რომ, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გაწეული კონტრიბუციისა და ვალდებულებების შესრულების ფონზე, შტატების მოქმედება პარტნიორულ ჭრილში არ ჯდება.

ამერიკის ვიზის მიღებაზე უარის 2023 წლის სტატისტიკას 2024 წელს დაინიცირებულ გამჭვირვალობის კანონს უკავშირებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები სავიზო მომსახურების მიდგომებთან დაკავშირებით საუბრისგან თავს იკავებენ და აქცენტს კონგრესში დაინიცირებულ ე.წ. "მეგობარ აქტზე" აკეთებენ, რომელიც, თეორიულად, სავიზო შეზღუდვების გამარტივებას იმ შემთხვევაში გულისხმობს, თუ პარლამენტი გამჭვირვალობის კანონს გაიწვევს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების ახსნა დღეს კოლეგებისგან განსხვავებულად სცადა გიორგი ვაშაძემ. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ვიზის მიმღებთა სიაში რუსეთის მოქალაქეების უპირატესობას მათ დისიდენტურ საქმიანობას უკავშირებს. ვაშაძე ამტკიცებს, რომ რუსეთის ათიათასობით მოქალაქე, რომელიც ამერიკაში თავისუფლად შესვლის ნებართვას იღებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გარი კასპაროვის მსგავსად, ქვეყანას უსაფრთხოების მიზნით ტოვებს.

ოპონენტების პოზიცია არ უკვირთ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან თანაბარ მიდგომებს ითხოვენ. ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის, საქართველოსთან შედარებით, პრივილეგიის მინიჭება, ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია. პოლიტიკოსების აზრით, ვითარების შესაცვლელად, მნიშვნელოვანია, პარტნიორმა ამ დამოკიდებულებას გადახედოს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, სავიზო მომსახურებასთან დაკავშირებით, სტატისტიკურ მონაცემებს ყოველწლიურად აქვეყნებს. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეებზე მარტივად ამერიკული ვიზები, მსოფლიოს 171 ქვეყნის მოქალაქეებმა მიიღეს.

 

ავტორი: გოგიტა მაღლაკელიძე

დღის ამბები