25 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
"თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ კი - მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრის გულები" - ქართველების სადებიუტო თამაშმა ყველა აღაფრთოვანა

საოცნებო კადრები გულშემატკივრისთვის და საოცნებო შეგრძნება თითოეული ფეხბურთელისთვის, მათთვის ვინც მოედანზე იყო, ვინც განაცხადში ვერ მოხვდა ან კარიერა ისე დაასრულა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში თავად ვერ შეძლო - საქართველოს დროშა კონტინენტის ყველაზე მთავარ საფეხბურთო ფორუმზე და კიდევ ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლო - საქართველოს ჰიმნი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაჟღერდა.

განწყობა, რომ ბოლო წამამდე საბრძოლო იქნებოდა, ეჭვგარეშე იყო. მოლოდინი გამართლდა და უკვე დღეს, საერთაშორისო მედია, გულშემატკივრები თუ ფეხბურთის სპეციალისტები ცალსახად ამბობენ, რომ საქართველო - თურქეთის მატჩი მიმდინარე ჩემპიონატზე საუკეთესო დაპირისპირება იყო. საქართველოს დებიუტანტ ნაკრებს რთული ამოცანა ჰქონდა, რადგან პირველივე შეხვედრაში მეტოქე ძლიერი და გამოცდილი გუნდი შეხვდა. თურქეთის ეროვნული ნაკრები უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა და მატჩის პირველივე წუთებში ცდილობდნენ უპირატესობა ეჩვენებინათ.

პირველ 10 წუთში იყო რამდენიმე სახიფათო შეტევა. ერთ-ერთ მომენტში ბურთი მამარდაშვილის კარის ძელსაც მოხვდა.

საქართველოს ნაკრები თამაშს კონტრშეტევებზე აგებდა და იყო რამდენიმე კარგი ეპიზოდი, სადაც გამოჩნდა, რომ თურქებს ადვილი მატჩი არ ექნებოდათ. ამ მცდელობების მიუხედავად, 25 წუთზე პირველი გოლი მივიღეთ. ანგარიში ეფექტური დარტყმით გაიხსნა.

ზუსტად ერთ წუთში, ამას თურქების მეორე გოლიც მოყვა, რამაც საქართველოს ნაკრები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა იმის გამო, რომ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, ეს გოლი გაუქმდა. აქ ქართველმა გულშემატკივარმა პირველი დადებითი ამბავი იზეიმა. ეს ერთგვარი შემოტრიალების წერტილი იყო, რასაც, 32-ე წუთზე, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი, ქართული გოლი მოყვა.

პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მეორე ნახევარი კი იმედიანად დაიწყო. აშკარა იყო, რომ თურქების თავდაჯერებულობამ იკლო. საქართველოს ნაკრებს ჰქონდა სახიფათო შეტევები და კარგი ეპიზოდები დაცვით თამაშში. ეფექტური იყო საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაში, რომელმაც კარი გოლისგან რამდენჯერმე იხსნა. დრამა ხელახლა დაიწყო 65-ე წუთზე, როდესაც კიდევ ერთი გოლი მივიღეთ.

დარჩენილი დრო საქართველოს ნაკრები ისევ მდევრის როლში აღმოჩნდა. ბოლო წუთამდე იყო თამაშის გადარჩენის შანსი და ბრძოლა. იყო რამდენიმე რეალური მომენტიც და უიღბლობა.

დამატებული დროის ბოლო წამებზე, როდესაც საქართველოს ნაკრები, მეკარის ჩათვლით, შეტევაში იყო, ყველაზე დასანანი ფაქტი მოხდა - მეკარემ მუშტებით შორს მოიგერია, კონტრშეტევაზე თურქებმა ცარიელ კარში გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 3-1 დაფიქსირდა.

დასანანი მარცხის მიუხედავად, როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელი ვილი სანიოლი, პრესკონფერენციაზე ხაზს პოზიტიურ ფაქტორებს უსვამდნენ და მომდევნო მატჩების სამზადისზე საუბრობდნენ. იყო აღიარება თურქეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მხრიდანაც.

დამარცხების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე დებიუტით, ისტორია დაწერა. აჩვენა ეფექტური თამაში, ბრძოლისუნარიანობა და გაიტანა სადებიუტო გოლი. ევროპის ჩემპიონატი ახალი სიმაღლეა გულშემატკივრებისთვის. თურქებს რაოდენობრივად ვერ გადააჭარბეს, თუმცა დორტმუნდში არც ქართველი ქომაგების ნაკლებობა იგრძნობოდა. ვნახეთ ხელჩართული ჩხუბიც ტრიბუნაზე.

განსაკუთრებული გულშემატკივრობა აჩვენეს მათ, ვინც გერმანიაში წასვლა ვერ მოახერხეს, თუმცა თამაშს ერთად უყურეს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე. ასეთივე შეკრებები იყო ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში.

ქართველ ფეხბურთელებს უქომაგეს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, თბილისის მერმა, პარლამენტის წევრებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

ახლა ყველა ერთად, მომდევნო მატჩის, უშეღავათო ბრძოლის და გამარჯვების მოლოდინშია. ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

დღის ამბები