ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები რეგიონებში საჯარო შეხვედრებს განაგრძობენ. კანონმდებლები ამჯერად ბათუმის მოსახლეობას ესაუბრნენ.
"პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის" - ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები ორი დღეა დაიწყო და რამდენიმე ქალაქს მოიცავს.
"გვაქვს კამპანია "დეპუტატები ევროპისთვის". ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრები გვქონდა. ქუჩაში ვხვდებით ადამიანებს, ვესაუბრებით. ვაპირებთ, მსგავსი შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოშიც გავმართოთ სამოქალაქო აქტივისტებთან, ახალგაზრდებთან, უბრალო მოქალაქეებთან ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
აღნიშნული პროექტი NDI-ის მხარდაჭერით ხორციელდება, რაც "ქართული ოცნებისთვის" კითხვებს აჩენს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი შეხვედრებს საარჩევნო კამპანიად განიხილავს და პროცესში სადამკვირვებლო ორგანიზაციის ჩართულობას მიუღებელს უწოდებს.
"NDI-ის ჩართულობა რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო პროცესში ადასტურებს იმას, რომ ეს ორგანიზაცია, სამწუხაროდ, არ არის ობიექტური, ის ემხრობა რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ წინასაარჩევნო პროცესებს, რაც არის სრულიად მიუღებელი. პარტიების გაძლიერება, რაშიც NDI-ი წლების განმავლობაში იღებდა მონაწილეობას, რეალურად გულისხმობს პარტიის შიდა სტრუქტურების გაძლიერებას, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.